სოფლის ნობათის პროდუქციაში ობის სოკო გამოვლინდა — სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, „სოფლის ნობათის“ პროდუქციაში, მათ შორის საბავშვო რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა.
აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა „ვიმ-ბილ-დან საქართველოში“ (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი 28 მარტს განახორციელეს.
„ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად. გარდა ამისა, შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა; ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა. სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში“, — ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს თანახმად, ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში:
· სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025
· სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025
· სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025
· სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025
· სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025
„ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე“, — აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”