სომხეთმა და თურქეთმა შესაძლოა უახლოეს თვეებში გახსნან საზღვარი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებით, ერევანსა და ანკარას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა უკვე უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი. მის შესახებ მან Deutsche Welle-სთან საუბარში თქვა.
„პირადად მე არ ვხედავ რაიმე პრობლემას სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის ან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხში. იგივე პოზიცია აქვთ ჩვენს თურქ კოლეგებსაც. ვფიქრობ, უახლოეს კვირებსა და თვეებში ამ მიმართულებით საგრძნობ პროგრესს მივაღწევთ,“ – განაცხადა მირზოიანმა.
მინისტრის თქმით, ანკარაში აქამდე აღნიშნავდნენ, რომ საზღვრის გახსნა შეუძლებელი იქნებოდა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის გარეშე. ახლა კი, როცა ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმება პარაფირებულია, ორი ქვეყნის, სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების დალაგებისთვის ახალი შესაძლებლობა იჩენს თავს.
მირზოიანის ინფორმაციით, თურქეთი მზადაა გააღოს საზღვარი, აღადგინოს სარკინიგზო მიმოსვლა და დაიწყოს პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად ჯერ არ არის დამყარებული.
მიუხედავად საერთო საზღვრისა, სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1990-იანი წლებიდან არ არსებობს. 2009 წელს ციურიხში მხარეებმა მოაწერეს ხელი დოკუმენტებს ურთიერთობების აღდგენის შესახებ, თუმცა ისინი ვერ იქნა რატიფიცირებული. 2021 წლიდან ქვეყნებმა სპეციალური წარმომადგენლები დანიშნეს ნორმალიზაციის პროცესისთვის, რომლებიც პერიოდულად მართავენ შეხვედრებს ამ საკითხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება