სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა

სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა. „სომხეთში, 1-ელ თებერვალს ძალაში შევიდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანება სომხეთს შესაძლებლობას აძლევს, მის მიწაზე სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები აღკვეთოს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში, იეგიშე კიროკოსიანმა.
მისი თქმით, ეს, პირველ რიგში, აზერბაიჯანს ეხება.
დასავლური მედია წერს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ეს ნაბიჯი იმასაც ნიშნავს, რომ სომხეთს შეუძლია დააკავოს ს პრეზიდენტი, ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, თუ ის ქვეყანაში ჩავა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი მწვავედ აკრიტიკებდა სომხეთს რომის სტატუტთან შეერთების სურვილის გამო და ამ გადაწყვეტილებას “არამეგობრული აქტი” უწოდა. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთის ქმედებები მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული არ იყო.
უკრაინის რეგიონებიდან ათასობით ბავშვის დეპორტაციის ბრალდებით, ჰააგის სასამართლომ, 2023 წლის მარტში, პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და, შესაბამისად, მის გადაწყვეტილებებს არ ცნობს.

ასევე დაგაინტერესებთ