სიცრუეა, თითქოს თანამშრომლები ტოვებენ უწყების რიგებს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიცრუეა მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ტოვებენ უწყების რიგებს.
სამინისტროში ამბობენ, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება უწყების და თითოეული თანამშრომლის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
„ამასთანავე, ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრების მხრიდან მიზანმიმართული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიწოდება ემსახურება საზოგადოებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯის შელახვას“.
რაც შეეხება, 4 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სამსახური დატოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, უწყებაში აცხადებენ, რომ მან პირადი პატაკით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ დრომდე, არ გაუვრცელებია განცხადება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გასაჯაროვებულ ასკაციან სიაზე, რომელიც, მათი მტკიცებით, აერთიანებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, კონკრეტულად კი იმ ადამიანებს, რომლებიც ნოემბერ-დეკემბერში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციების დაშლასა და დემონსტრანტების, მათ შორის ჟურნალისტების ცემასა და დაკავებაში მონაწილეობენ.
“მთავარ არხში” ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია მათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ფარულად მიაწოდეს.
მათივე მტკიცებით, ამ სიაში მყოფი პირების ოჯახის წევრებმა იციან, რომ მათი შვილები კონფლიქტის ზონაში, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, ე.წ. საზღვრის პირა სოფლებში იმყოფებიან “მივლინებით” და არა რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს