სიტუაცია ფრონტზე ჩიხური არ არის, მაგრამ რუსები ყველგან გააქტიურდნენ – გენერალი ტარნავსკი

ფრონტის ხაზზე ვითარება ჯერ კიდევ არ შესულა ჩიხში, მაგრამ მდგომარეობა რთულია, ს ჯარები გააქტიურდნენ ფრონტის მთელ ხაზზე. მათ სურთ, წლის ბოლომდე ხელთ იგდონ თუნდაც ავდეევკა, ხოლო მარინკა კი, ფაქტობრივად, გაანადგურეს, – განაცხადა ბიბისის უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება “ტავრიის” მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრ ტარნავსკიმ.
გენერალი ტარნავსკის თქმით, ავდეევკაში რუსებს შეეძლოთ საუკეთესო წარმატების მიღწევა საკუთარი ძალებითა და საშუალებებით, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ უკრაინელი ჯარისკაცების აქტიური თავდაცვითი მოქმედებების გამო. “ჩვენ არა მხოლოდ ტერიტორიას ვიცავთ, არამედ დაუყოვნებლივ ვპასუხობთ, რათა დავიბრუნოთ ის ტერიტორია, რომელიც დავკარგეთ“, – აცხადებს ტარნავსკი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ფრონტის ხაზზე მომავალ წელს ვითარება კიდევ უფრო გართულდეს.

„ვფიქრობ, მომავალი წელი ალბათ კიდევ უფრო რთული იქნება, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ბრძოლა და ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლება. და რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ამოცანის შესრულებას, ჩვენ საზღვრებზე გასვლის მთავარ მიზანს, ეს კიდევ უფრო რთული გახდება. მტერმა იცის ამის შესახებ და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ამ ამოცანის შესრულება“, – აცხადებს გენერალი ტარნავსკი და აზუსტებს, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის ომის დასრულება ნიშნავს მხოლოდ ერთადერთ რამეს – „გამარჯვებას“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მ 26 დეკემბერს თქვა, რომ უკრაინის ჯარებმა გადაინაცვლეს ქალაქ მარინკის გარეუბნებისკენ. მოსკოვმა 25 დეკემბერს გამოაცხადა, რომ დაიკავა ეს ქალაქი.
ქალაქის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ საუბრისას გენერალმა ზალუჟნიმ თქვა, რომ “ქალაქი აღარ არსებობს”.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 25 დეკემბერს მოახსენა, რომ რუსეთის ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკაზე. შოიგუს თქმით, მარინკის დაკავებამ შესაძლებელი გახადა უკრაინის არტილერიის დონეცკიდან მოშორებით გადასროლა. პუტინმა ამაზე თქვა, რომ რუსეთის სამხედროებს “მიეცემათ უფრო ფართო საოპერაციო სივრცეში გასვლის შესაძლებლობა”.
· მარინკა მდებარეობს დონეცკიდან 10-მდე კილომეტრის მოშორებით, სამხრეთ-დასავლეთით. 2022 წელს იქ ცხრა ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წელს ქალაქი მოხვდა უკრაინის არმიასა და თვითგამოცხადებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” სეპარატისტებს შორის საომარი მოქმედებების ზონაში. 2022 წლიდან მარინკის არეალებში ინტენსიური შეტაკებებია რუსეთის არმიასა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის. ქალაქი თითქმის სრულად დანგრეულია.
· ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, 10 ოქტომბრიდან რუსეთის ჯარებმა ავდეევკის გარშემო, სხვადასხვა მიმართულებით დაიკავეს 4,52 კმ² ტერიტორია. ამასთან, ამერიკელი ანალიტიკოსები გადაჭარბებულს უწოდებენ ზოგიერთი რუსული წყაროს შეფასებას ავდეევკასთან დიდი წინსვლის შესახებ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, 10 ოქტომბრიდან რუსეთმა მოიერიშე ჯგუფების, არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით ერთდროულად დაიწყო შეტევა ავდეევკის დასავლეთზე, სამხრეთსა და ჩრდილო-დასავლეთზე.
· რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის აღებას 2022 წლის თებერვალში, ში ფართომასშტაბიანი შეჭრისთანავე ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი შეინარჩუნეს.