“სისტემა ჟონავს ყველა მიმართულებით” – პროევროპული აქციების დროს საპოლიციო ძალების მიერ ნაცემი მოქალაქე

“სისტემა ჟონავს ყველა მიმართულებით” – ამის შესახებ პროევროპული აქციების დროს საპოლიციო ძალების მიერ ნაცემმა მოქალაქემ განაცხადა.

ანთროპოლოგი ირაკლი ფიფია იხსენებს, როგორ მოხვდა 2 დეკემბრის აქციაზე დარბევების დროს სპეცრაზმელების უკან და როგორ გაუსწორდნენ ნიღბიანი პირები ე.წ. დაკავების მანქანაში ფიზიკურად.

მისი თქმით, ცემის შემდეგ გონება რამდენჯერმე დაკარგა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ირაკლი ფიფია აღნიშნავს, რომ სანამ გონებას დაკარგავდა მას ძალოვანი უწყების 6 თანამშრომელი სცემდა და მიუხედავად იმისა, რომ სახეები დაფარული ჰქონდათ, ორ მათგანზე აქვს ინფორმაცია ვინ იყვნენ.

2024 წლის 2 დეკემბრის აქციაა, როდესაც მარშის შემდეგ რუსთაველის გამზირზე ვიდექით და იმ დღეს ადრე დაიწყო დარბევები, ფარიანი, ნიღბიანი ყმაწვილების უკან აღმოვჩნდი სრულებით გაუგებარი შემთხვევითობის… ჯერ მოხდა ჩემი დაყაჩაღება, შემდეგ მიკროავტობუსში შეყვანა და შემდეგ რამდენიმე რაუნდი ე.წ. ცემის, შეურაცხყოფის და თავიანთ ჭკუაში დაშინების – აი კიდევ მოხვალ აქციებზე და მსგავსი. სადღაც 10-11 ადამიანი [ვიყავით] რაც თვითონ დაგვთვალეს და შემდეგ შემოდიოდნენ, ხდებოდა ცემა, შეურაცხყოფები სხვადასხვა ტიპის რაღაცები. იმდენად მძიმედ ვიყავი ნაცემი, მანქანაშიც [მცემეს და გადაყვანისასაც], იმდენად მძიმე მდგომარეობა მქონდა, რომ გავითიშე რამდენჯერმე და შემდეგ საავადმყოფოში გადამიყვანეს, რომ ფიზიკურად ვერ ვიდექი. 

ჩემი ადვოკატი ყოველ კვირა წერს საგამოძიებო უწყებას, მაგრამ შედეგი ნულია. ამავდროულად შემიძლია ვთქვა, რომ სისტემა ჟონავს ყველა მიმართულებით და სანამ მე ფხიზელი, გონზე ვიყავი, სადღაც 6 ადამიანი მოვითვალე, ვინც მცემდა, ძალადობდა, ყველას სახე დაფარული ჰქონდა, თვალების გარდა ყველაფერი დაფარული ჰქონდათ, თუმცა ორთან მიმართებაში არაპირდაპირი, არაოფიციალური გზებით სავარაუდოდ ვიცი ვინც იყო. იმედი მაქვს, ამ ქვეყანაში ვინმეს აღმოაჩნდება ხერხემალი, რომ თვითონ გამოიძიონ, თვითონ მივიდნენ ამ დასკვნამდე და მე არ მომიწიოს ამის გასაჯაროება, ამაზე საუბარი. ეჭვი მაქვს დასაბუთებული, მაგრამ მე მირჩევნია, რომ ეს გააკეთოს სახელმწიფომ იმიტომ, რომ მისი ფუნქციაა მისი მოქალაქეების დაცვა, როდესაც ადგილი აქვს იმას, რასაც ჰქონდა. 

ტვინის შერყევა, ნაკერები, ა.შ., ფიზიკურად ვერ ვიყავი 2-3 დღე. ი ორგანოში, რომელიც დახურა შიშით ხელისუფლებამ თუ რეჟიმმა, იმ ორგანოსთან ურთიერთობით ჩემმა ადვოკატმა მოახერხა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, თუმცა თუ არსებობს დაზარალებული, უნდა არსებობდეს დამზარალებელიც,” – ამბობს ირაკლი ფიფია.