„სირცხვილიას“ წევრებმა სტრასბურგში მოიგეს შეშის გამო დაკავებისა და დაჯარიმების საქმე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა „სირცხვილიას“ დამფუძნებლების, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოსა და შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების დარღვევა.
გადაწყვეტილება საქმეზე „რუხაძე და მჟავანაძე საქართველოს წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებსაიტზე 15 ივლისს გამოქვეყნდა. საქმეები სტრასბურგის სასამართლოში 2021 წლის მაისსა და ივნისში გაიგზავნა და მოგვიანებით ერთ საქმედ გაერთიანდა.
საქმე ეხება აქტივისტების დაკავებას 2020 წლის ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
2020 წლის 9 ნოემბერს, გამთენიისას, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს გასათბობად შეშა მიჰქონდათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც აქციის მონაწილეების დაკავებაც მოჰყვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ნოდარ რუხაძეს კი 1500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.
მოსარჩელეები ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლზე დაყრდნობით ასაჩივრებდნენ როგორც დაკავებას, ასევე მათ მიმართ წარმოებულ ადმინისტრაციულ საქმეს.
მათ შორის, აცხადებდნენ, რომ სასამართლო პროცესი არაკანონიერი იყო, მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი თავად მათ დაეკისრათ. გიორგი მჟავანაძე დამატებით აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი სარჩელი საერთოდ არ განიხილა.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ:
· ნოდარ რუხაძის მიმართ დაირღვა კონვენციის მეექვსე მუხლი – სამართლიანი სასამართლოს უფლება);
· და ასევე, ორივე აქტივისტის მიმართ დაირღვა მე-11 მუხლი – შეკრების უფლება.
„სირცხვილიას“ აქტივისტების ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ სახელით იცავდა ედუარდ მარიკაშვილი.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ტიპის დარღვევებით მოქმედებს პოლიცია მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ:

„ეს გადაწყვეტილება ასევე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აჩვენებს, რა პრობლემები აქვს დღეს სასამართლოს და რა უნდა გამოსწორდეს. ალბათ, ოდესმე, ეს გადაწყვეტილებები კანონმდებლობასა და პრაქტიკაშიც აისახება და გამოასწორებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს“.
სასამართლომ განსაზღვრა მოსარჩელეების მიმართ კომპენსაციის გადახდაც – ნოდარ რუხაძეს მატერიალური ზიანისთვის აუნაზღაურდეს 529 ევრო, მორალური ზიანისთვის – 1,600 ევრო. გიორგი მჟავანაძემ კი მორალური ზიანისთვის 1,200 ევრო უნდა მიიღოს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა