„თავისუფლების მოედნის“ წევრი სიმონ ჯანაშია:
ნებისმიერი პარტია, რომელიც ცდილობს უკონტროლო ძალაუფლება ჰქონდეს და მუდმივად იყოს ხელისუფლებაში აუცილებლად გამოიყენებს პოლიციას, ციხის ბადრაგებს, სასამართლოს, უშიშროებას და პროპაგანდას ამ მიზნის მისაღწევად.
ხელისუფლებას უკონტროლო და მუდმივი ძალაუფლების შენარჩუნებაში რომ დაეხმარონ, ძალოვანებსაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მანდატი და იმუნიტეტი, რომ კანონის ფარგლებს გასცდნენ.
ამიტომაც, სისტემა, რომელიც აყრდნობს თავის ძალაუფლებას ძალოვანებზე და არა ხალხზე, მორალზე და კანონზე ყოველთვის დასაშვებად ხდის, ან პირდაპირ აქეზებს ადამიანებზე ფიზიკურ ძალადობას, ადამიანის ღირსების შელახვას, ყველაზე მთავარის – ადამიანის ადამიანობის ხელყოფას.
იმ ხელისუფლებას, რომელიც ასეთ სისტემას აყალიბებს, ვერასოდეს ვერ ექნება მორალური უფლება, რომ ქვეყანა მართოს. არანაირი ბოდიშები, “არ გვინდოდა”, “ხომ დავსაჯეთ აგერ სამი პოლიციელი”, “ხომ გამოვცვალეთ მთავრობა” და “მეტს აღარ ვიზამთ” შოუები ამას არ უშველის!
ჩვენ ვიცით რომ ქართულმა ოცნებამ სწორედ ასეთი სისტემა შექმნა. ვიცით, რომ პოლიცია ბოლო წლებია ასობით ადამიანზე, მათ შორის ქალებზე, არასრულწლოვნებზე, შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე ძალადობდა და ძალადობს ქუჩაში, დაკავების მანქანებში, განყოფილებებში. ვიცით, რომ უდანაშაულო ადამიანები ციხეებში სხედან. ვიცით რომ უმნიშვნელო დანაშაულებებზე უმკაცრესი შურისძიებაა ხელისუფლების მხრიდან, მაშინ როდესაც უსასტიკეს დანაშაულებების ჩამდენებს ხელისუფლება აჯილდოებს მედლებით, ფულით და თანამდებობებით.
ამიტომაც ყველას, საკუთარ თავსაც მათ შორის, უნდა დავეხმაროთ რომ გავაცნობიეროთ, რომ ეს სატელევიზიო შოუ არ არის – ეს ჩვენი ძალადობით სავსე, უსამართლო ცხოვრებაა, სადაც დაცული არავინაა. ოცნება უნდა წავიდეს, ხოლო მისი წევრები, ვინც ამ ძალადობრივი სისტემის შექმნაშია ჩართული, სამართლიან სასამართლოს პირობებში აუცილებლად უნდა გასამართლდნენ. ასევე, უნდა შემოვიღოთ ლუსტრაციის კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ნებისმიერი პერიოდის სახელმწიფოს სამსახურში, სახელმწიფოს სახელით, ფარულად თუ ღიად ჩართული იყო ადამიანის უფლებების, ადამიანის ღირსების შელახვაში, უნდა აეკრძალოს საჯარო თანამდებობის დაკავება და საჯარო ფინანსების მოხმარება.





