სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი უსაფრთხო ადგილზეა – ზრუნვის სააგენტო

„14 წლის გოგო, რომელიც კახეთში, ბიძის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს ფსიქოლოგი“, – უთხრეს რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.
რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, ზრუნვის სააგენტო საქმეში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის შემდეგ:
„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნულ საქმეში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის საპროცესო წარმომადგენლობა. აღნიშნულ საქმეზე კვლავ გრძელდება სოციალური სამუშაო და გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით შესრულდება შემდგომი ღონისძიებები ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – მოგვწერა სააგენტომ.
რადიო თავისუფლებას 14 წლის გოგოს ოჯახის წევრები უყვებიან, რომ არასრულწლოვანი მამიდის ქმარმა 17 იანვარს, მათივე საკუთრებაში არსებულ მესაქონლეობის ფერმაში გააუპატიურა.
„ჩემი გოგო რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. ეს დღეებია მწუხრის სუფრა გვაქვს. ჩემი შვილიშვილი, 14 წლის გოგო, სხვა დროსაც გვეხმარებოდა საქონლის მოვლაში. რადგან ჩვენ სამძიმარს ვიღებდით და არ გვეცალა, შვილიშვილი რამდენიმე დღით ფერმაში გავუშვით. 17 იანვარს დაგვირეკა და გვითხრა, რომ ფერმაში მიაკითხა მამიდის ქმარმა და გააუპატიურა. გოგოს მამა გარდაცვლილი ჰყავს. ეს ამბავი ჩემმა მეორე შვილმა 19 იანვარს დაგვიანებით გაიგო, მაშინვე წავიდა და მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა. მოვითხოვთ მის უმკაცრესად დასჯას. ის ციხიდან საერთოდ არ უნდა გამოვიდეს“, – ამბობს 14 წლის გოგოს ბებია.
14 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობას. კლინიკაში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა:
„მრავლობითი შემავალი ჭრილობა აქვს, მათ შორის გულ-მკერდის არეში. ჩაუტარდა ოპერაცია. რეანიმაციაშია და მდგომარეობა მძიმეა“, – ამბობს ექიმი.
პოლიციას თავადვე ჩაბარდა 14 წლის გოგოს ბიძა, რომელმაც ძალადობაში ბრალდებული კაცი დაჭრა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პროკურატურა დღეს მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრასთან დაკავშირებით.
საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 137-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
მოზარდის ბიძის მიმართ, რომელმაც გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს ჭრილობები მიაყენა, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…