ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერბიის არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა

სერბიაში 17 დეკემბერს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 48.91 პროცენტით ლიდერობს მმართველი, სერბიის პროგრესული პარტია - რომლის წარმომადგენელიცაა პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი.
მეორე ადგილზე გადის ოპოზიციური, პროევროპული კოალიცია "სერბია ძალადობის გარეშე", ხმათა 20.3 პროცენტით, შემდეგ, 6.88 პროცენტით მოდის უნგრელთა გაერთიანება ვოივოდინა - იუწყება საარჩევნო კომისია.
ეს მონაცემები თუ შენარჩუნდება, მმართველი პარტია აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს ქვეყნის 250-ადგილიან პარლამენტში და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებს.
საარჩევნო კომისიას არ გამოუცხადებია დედაქალაქში, ბელგრადში ასევე გამართული ადგილობრივი არჩევნების შედეგები - მას მერე, რაც კოალიციამ "სერბია ძალადობის გარეშე" გაყალბებაზე განაცხადა და თქვა, რომ შედეგებს არ მიღებს.
ოპოზიცია და ადგილობრივი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებიდან დროდადრო დარღვევებზე იუწყებოდნენ. სერბიაში იმყოფებოდა 5,800-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი, ისინი თავიანთ ანგარიშებს რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ.
ვუჩიჩის პრეზიდენტობა 2017 წლის მაისში დაიწყო და მას შემდეგ მან შეინარჩუნა ახლო კავშირი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან - მაშინაც კი, როცა მოსკოვი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. ამავდროულად, ვუჩიჩი ცდილობს ურთიერთობის დაბალანსებას დასავლეთთანაც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.