სერბეთში გრძელდება ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისა და მომხრეების დაპირისპირება

სერბეთში გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებისა და პრეზიდენტ ვუჩიჩის მმართველი, „პროგრესული პარტიის“ მომხრეთა დაპირისპირება.
რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ინფორმაციით, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში შეტაკებები იყო 14 აგვისტოს, ღამითაც. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
ქალაქ ნოვი-სადში დაარბიეს მმართველი პარტიის ოფისები. საპროტესტო აქციები იყო კიდევ 30-მდე ქალაქში.
შუაღამის შემდეგ სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ დაკავებულია აქციის 37 მონაწილე. მინისტრის თანახმად, სხვადასხვა ქალაქში დაშავდა, სულ მცირე, 42 პოლიციელი, მათგან 26 – ბელგრადში.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, ბელგრადში მთავრობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებს პიროტექნიკა ესროლეს. სერბეთის დედაქალაქის ქუჩებში ქაოსი იყო. ქალაქ ნოვი-სადში დარბეულია მმართველი პარტიის სამი ოფისი.
სერბეთის მედიაორგანიზაციებმა 14 აგვისტოს განაცხადეს, რომ დემონსტრაციების გაშუქებისას იყო 10 სერიოზული ინციდენტი – ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და აპარატურის დაზიანება. მედიაორგანიზაციების თანახმად, ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ როგორც აქციების მონაწილეები, ისე პოლიციელები.
სერბეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 1 ნოემბერს ქალაქ ნოვი-სადის ახალგარემონტებული რკინიგზის სადგურის ბეტონის სახურავის ჩამონგრევამ 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეებმა ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულეს და ქალაქ ნოვი-სადის მერის და სერბეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. მათ თანამდებობები საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან ორი თვის შემდეგ დატოვეს, თუმცა აქციები გაგრძელდა ახალი არჩევნების მოთხოვნით.
სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა არაერთხელ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები არ აღელვებს და მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის