სემეკმა თელასი სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 35 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინფორმაციით, თელასი ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების აღმოსაფხვრელად ჩატარებული ნორმებთან შეუსაბამო სამუშაოების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 35 000 ლარით დააჯარიმეს და პრობლემის გამოსასწორებლად ვადა განუსაზღვრეს.
“სს თელასის სალიცენზიო პირობების შესრულების შესწავლის საფუძველი გახდა მოქალაქეთა განცხადებები ქ. თბილისში გ. გაგილაძის ქუჩაზე ელექტროენერგიის ხშირ წყვეტებთან დაკავშირებით. სემეკის სპეციალური ჯგუფის მიერ, კომპანიის მხრიდან წყვეტების აღმოსაფხვრელად განხორციელებული სამუშაოების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სს თელასის მიერ ადგილი ჰქონდა სალიცენზიო პირობების დარღვევას.
სემეკის გადაწყვეტილებით, კომპანიას დაევალა 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ქვ/ს მუხიანის ფ-16 – 1031/1034 საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების გავლა შესაძლებელია ქოლცენტრის ნომერზე – 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან).” – წერია სემეკის განცხადებაში.