სემეკის ორგანიზებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით, სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციის თემას წარმოადგენდა „მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შედეგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, სამთავრობო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსტიტუტების წარმომადგენლები. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მან ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი კომისიის როლსა და მნიშვნელობაზე:
„საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მარეგულირებელ კომისიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რეგულირებადი სექტორების განვითარებაში. განსაკუთრებით, ისეთ სექტორებში, სადაც ბუნებრივი მონოპოლიაა. სემეკს თავისი არსებობის მანძილზე, 28 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, რომლებმაც განსაზღვრეს სექტორების განვითარების კურსი და რეგულირების მექანიზმების ეფექტიანობა.
მარეგულირებელი კომისიის მიზანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების მიუკერძოებელი, სამართლიანი და დაბალანსებული რეგულირება კონკურენტული, საიმედო და უსაფრთხო გარემოს ფორმირების ხელშესაწყობად, მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. სემეკი ზრუნავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების გრძელვადიან განვითარებაზე, ჩვენი საქმიანობა მიმართულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვისკენ, რაც უზრუნველყოფს როგორც რეგულირებადი სექტორების განვითარებას, ასევე მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვამდე“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა იმსჯელეს მიკროსმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებზე, განახლებადი ენერგიის წახალისებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის საკითხებზე, ასევე განიხილეს ახალი რეგულაციები და მათი გავლენა მომხმარებელზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)