ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სევდიანი დღე საქართველოსა და ევროპისთვის“ - ევროპელი დიპლომატები ვეტოს დაძლევაზე

საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას რამდენიმე ევროპელი ლიდერი გამოეხმაურა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები. მათი ნაწილი გასული კვირების განმავლობაში თბილისშიც იმყოფებოდა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი უკან გაეწვია.
„ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით, არ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა წასულიყო ევროპული ინტეგრაციის გზით და განუსაზღვრელი ვადით დატოვოს თავისი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში“, - წერს სოციალურ ქსელში მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
„ძალიან სევდიანი დღე საქართველოსა და დანარჩენი ევროპისთვის", - ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გებრიელიუს ლანდსბერგისი.
"ამ კანონის მიღება აფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არავისთვისაა სასარგებლო, თითქმის არავისთვის", - დასძენს ლიეტუვის პირველი დიპლომატი.
"ძალიან ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის იმ გადაწყვეტილების გამო, რომ მიიღოს კანონი, რომელიც გადაახვევინებს ქვეყანას მისი ევროინტეგრაციის გზიდან", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრიც. "გასულ წელს საქართველოს მიეცა შანსი კანდიდატის სტატუსის მიცემით. ეს იყო ისტორიული მომენტი ქართველი ხალხისთვის და ამ ხალხის მიერ მკაფიოდ მხარდაჭერილი. სევდიანი დღეა", - ამბობს ბაიბა ბრაჟე.
მაიკლ როთი , გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეც წერს, რომ ეს „სევდიანი დღეა საქართველოსა და ევროპისთვის“:
"საქართველოს პარლამენტმა "უცხო ქვეყნის აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტო დაძლია. მე ვდგავარ ყველა იმ ქართველის გვერდით, ვინც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლების, დემოკრატიისა და ღირსებისთვის. არ დაგავიწყდეთ: "როდესაც ისინი მდაბლად იქცევიან, ჩვენ ვიქცევით ღირსეულად". არ დანებდეთ, არჩევნები მალე იქნება", - მიმართავს როთი მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც კანონს ეწინააღმდეგება.
პარლამენტში კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა ამერიკელი ყოფილი დიპლომატი მაიკლ მაკფოლიც, ის პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა და რუსეთში ამერიკის ელჩიც იყო: „ტრაგიკულია. საქართველო შორდება დემოკრატიასა და ევროპას და მიიწევს დიქტატურისა და რუსეთისკენ. ვისთვისაა ეს სასარგებლო? არა ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის“ - წერს მაკფოლი "X"-ზე.
საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე" პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 84 ხმით კვლავ დაამტკიცა. თბილისში კანონის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაცია გრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.