სახელმწიფო გორში, იაპონიის თანადაფინანსებით აშენებულ თაფლის საწარმოს ყიდის
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში არსებულ თაფლის გადამამუშავებელ საწარმოს აუქციონზე თითქმის 2 მლნ ლარად ყიდის. ვაჭრობის ბიჯი კი 5 000 ლარია.
4166.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად იყიდება მასზე განთავსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობა და საწარმოს აღჭურვილობა, რომლის დიდი ნაწილის შესყიდვაც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) დააფინანსა.
2021 წელს JICA-მ სოფლის განვითარების სააგენტოს, თაფლის გადამმუშავებელი საწარმოს აღჭურვისათვის 87 250 აშშ დოლარის ღირებულების თაფლის კვლევების პორტატული ანალიზატორის სრული კომპლექტი საჩუქრად გადასცა. მხარდაჭერა პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოდელის შექმნა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.
ბერბუკში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო 2018 წელს აშენდა. სოფლის განვითარების სააგენტოში ამბობდნენ, რომ ის დღიურად 2 ტონა თაფლს გადაამუშავებდა. სააგენტოში წლების წინ იმასაც ამბობდნენ, რომ სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებდა გორის მუნიციპალიტეტში აშენებული, თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს გადაცემას კონკურსის წესით შერჩეული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საწარმოში თაფლის რაოდენობის შეგროვება, კვლევების ჩატარება და მისი ევროპის ბაზარზე გატანა იგეგმებოდა, ის დღემდე უფუნქციოა.
სახელმწიფო აუქციონის დასრულების ვადა 25 იანვარია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.