სახალხო დამცველის აქცენტები ადამიანის უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, სპეციალური განცხადებით ეხმაურება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს და იმ გამოწვევებზე ლაპარაკობს, რომელიც დღეს საქართველოში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით, სხვადასხვა სფეროში არსებობს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ დაასვა დამღა:
„აღნიშნული მძიმე ფაქტი გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები, რაზეც პასუხისმგებლობა ს ფედერაციას ეკისრება. სიცოცხლის უფლების დარღვევასთან ერთად, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა“, – წერია განცხადებაში.
ბავშვები, შშმ პირები, ეროვნული უმცირესობები
სახალხო დამცველი ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებს ქვეყანაში სიღარიბეს და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ბავშვთა სიღარიბეზე:
„ბავშვთა სიღარიბის პრევენციისა და დაძლევისთვის არსებული ცენტრალური და ადგილობრივი მიზნობრივი სახელმწიფო დახმარების სერვისები არ არის საკმარისად მოქნილი და ეფექტიანი, მათ შორის, ბავშვების მშობლებისა და მათზე მზრუნველი პირების უნარ-ჩვევებისა და ოჯახების დამოუკიდებელი ცხოვრების მიღწევისთვის. სამწუხაროდ, ეს, ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების საფუძველიც ხდება“.
სახალხო დამცველის განცხადებითვე, ბავშვთა სიღარიბესთან ერთად, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, რაც სხვადასხვა უწყების მხრიდან კოორდინირებული მუშაობის ეფექტიანად განხორციელებას საჭიროებს და ამბობს, რომ აუცილებელია ძალადობის შემთხვევებზე დროული და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირება.
ადამიანის უფლებების დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და ამბობს, რომ ამ მხრივ, ქვეყანაში კვლავ დიდი სამუშაოა გასაწევი:
„განსაკუთრებით საგულისხმოა შშმ პირთა ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა. გარდა ამისა, დღემდე არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და სტანდარტები შშმ პირთა წვდომის უზრუნველსაყოფად ინფორმაციაზე, კომუნიკაციის საშუალებებზე, ვებგვერდებზე, მობილურ აპლიკაციებზე. პრობლემურია ასევე სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა“.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ დღემდე პრობლემებია ეროვნული უმცირესობების განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით. მათ შორის, კვლავ პრობლემას წარმოადგენს ბილინგვური სწავლების მოდელის დანერგვა, სახელმძღვანელოების შემუშავება და ორენოვანი პედაგოგების მომზადება/გადამზადება. პრობლემურია სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგნის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.
შეკრების უფლება და კანონის უზენაესობა
სახალხო დამცველი ეხმაურება კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მათ შორის, შეკრების თავისუფლებაში ჩარევისას პოლიციელების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და სხვადასხვა აქციაზე განვითარებულ მოვლენებს:
„მაგალითად, 2023 წლის 7-9 მარტს გამართული აქციის დაშლასა და სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას, საფუძვლად დაედო შეკრების მონაწილეთა მხოლოდ ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროებდა კონკრეტული მოძალადეების მიმართ ინდივიდუალური – აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებების გატარებას. შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება. სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რადგანაც საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2023 წლის 2-3 ივნისს პოლიციის მხრიდან ამ მოძველებული კანონმდებლობის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაკავების ფაქტები, რა დროსაც სახალხო დამცველის აპარატმა ხუთ საქმეზე სასამართლოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა. სამწუხაროდ, ეს საქმეებიც ადასტურებს, რომ ხშირად გამოხატვის თავისუფლებასა თუ შეკრების უფლების რეალიზაციაში ჩარევა მხოლოდ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო ხდება, რაც სრულიად ეწინააღმდეგება შესაბამის ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტებს“, – წერია განცხადებაში.
მედია და უფლებადამცველები
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ქვეყანაში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოს არ არსებობა. მისი განცხადებით, ამის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზება, რასაც ძირითადად მოძველებული კანონმდებლობა აბრკოლებს და რომელიც ვერ პასუხობს ამ ეტაპზე არსებულ საჭიროებებს.
მისივე განცხადებით, კვლავ გრძელდება უფლებადამცველთა საქმიანობისთვის დაბრკოლებების შექმნის ტენდენცია, რაც, წლების განმავლობაში, მათი დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციისკენ მიმართული კამპანიების წარმოებაში გამოიხატებოდა:

„უფლებადამცველთა მდგომარეობის კუთხით, 2023 წელს განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტების ინიცირება, რომლებიც არ შეესაბამებოდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს“.

სახალხო დამცველი პენიტენციურ სისტემაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მისი განცხადებით, “პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად”.
ამასთანავე, მისი თქმით, პენიტენციური სისტემის ფარგლებში კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს.
ფსიქიატრიული დაწესებულებები
სახალხო დამცველი ამბობს, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებების უმთავრეს გამოწვევას დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი წარმოადგენს. პრობლემურია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციაც. პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ.
„სამწუხაროდ, შეფერხებით მიმდინარეობს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი. მისასალმებელია, რომ გაიზარდა 2023 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი, თუმცა, სახეზე კვლავ არაერთი პრობლემა გვაქვს. მათ შორის, არ მომზადებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან და დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, კვლავ არ არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა თავშესაფრის სტანდარტი“.
თანასწორობის უფლება და დისკრიმინაციასთან ბრძოლა
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ქვეყანაში არა თუ არ მომხდარა თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭირო სტრატეგიის დამტკიცება, არამედ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში, სხვა სოციალური ჯგუფების აღნიშვნის პარალელურად, ლგბტ+ ადამიანები საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი:
„ლგბტ+ თემი არ არის მოხსენიებული არც სტრატეგიასთან მიმართებით შემუშავებული სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიაში. პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების გავრცელებაც, რაც აძლიერებს დისკრიმინაციულ განწყობებს და ხშირად ქალთა წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ქალების გასაჩუმებლად გამოიყენება“.
გენდერული დანაშაულები, და ქალთა უფლებები
სახალხო დამცველის განცხადებით, წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებულ ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები.
სახალხო დამცველის ოფისის ხელთ არსებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის 6 თვის მონაცემებით, ქალის მკვლელობის 13 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური დანაშაულის ნიშანი 7 შემთხვევაში გამოიკვეთა. საგულისხმოა, რომ გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც ქალთა მკვლელობის მცდელობების მაჩვენებელი აჭარბებდა მკვლელობის შემთხვევებს, 2023 წლის 6 თვის მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ ქალთა მკვლელობების რიცხვი თითქმის 54%-ით აჭარბებს მკვლელობის მცდელობათა რაოდენობას.
სახალხო დამცველი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელოვის საქმეზე:
„2023 წელს შემაშფოთებელი იყო 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, რომელსაც წინ სხვადასხვა ფორმის გენდერული ნიშნით ძალადობა უძღოდა. აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობის აუცილებლობა“.
სახალხო დამცველის განცხადებითვე, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომაც. პრობლემურია საქართველოს კანონმდებლობაც. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობა სრულყოფილად კვლავ არ შეესაბამება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით გათვალისწინებულ სტანდარტებს. სახალხო დამცველის თქმით, ამის ნათელი მაგალითია სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემური ჩანაწერი. კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა და ეფექტიანი რეაგირებაც.