საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტიდან 92%, თითქმის 953 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა

2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში 952,885,133 ლარი დახარჯა, რაც წლიური გეგმის ანუ 1,034,078,830 ლარის 92%-ია, შესაბამისად, დარჩენილი სამი თვის განმავლობაში ასათვისებელი თანხა მხოლოდ 81.2 მილიონ ლარს შეადგენს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყოველწლიურად გადახარჯვით მიმდინარეობს. მაგალითად, 2023 წელს ათვისებამ 1.06 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გეგმით განსაზღვრულზე 82 მილიონი ლარით მეტი იყო.
2023 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომსახურება 713 ათას პაციენტს გაეწია, ხოლო თითოეულ მათგანზე ბიუჯეტის მხრიდან გაწეული მომსახურებების ფასმა საშუალოდ 1,490 ლარი შეადგინა, 2022 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 19.5%-ით მეტი იყო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.