საქართველოში 121 სასაკლაოს მიერ I კვარტალში 14 100 ტონა ხორცი იქნა წარმოებული
2024 წლის I კვარტალში საქართველოში 121 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.2 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 15.7 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში, 14.9 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 13.2 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 11.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 9.1 პროცენტი მცხეთა- მთიანეთის რეგიონში, ხოლო 17.4 პროცენტი - სხვა რეგიონებშია განთავსებული.
„საქსტატის“ ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 100 100 სული პირუტყვი, საიდანაც 36.8 პროცენტი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 56.1 პროცენტი - ღორი, ხოლო 4.0 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 3.0 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 989 300 ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2024 წლის I კვარტალში 14 100 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.9 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 40.2 პროცენტი - ფრინველის ხორცზე, 28.2 პროცენტი - ღორის ხორცზე, 0.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 10 100 პირს, საიდანაც 37.6 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 061 კაცი შეადგინა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 36.5 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 15.8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 30.7 ლარი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.