საქართველოში თამბაქოს წარმოებისთვის ლიცენზიის აღების ვალდებულება, რაც 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, 2026 წლის იანვრამდე გადავადდება

საქართველოში თამბაქოს წარმოებისთვის ლიცენზიის აღების ვალდებულება, რაც 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის გადავადდება.
ლიცენზიის ვადის 9 თვით გადაწევის საკითხი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა და თამბაქოს მწარმოებელთათვის რიგი მოთხოვნები დაწესდა. თამბაქოს წარმოებაზე ლიცენზიის ოდენობად – 50 000 ლარი განისაზღვრა.
ლიცენზიის მოპოვებისთვის კომპანიებს სპეციალური ლაბორატორიის მოწყობა დაევალათ. სწორედ ამ ლაბორატორიაში უნდა დადგინდეს, რომ თამბაქოს პროდუქტი მთავრობის მიერ განსაზღვრულ სტანდარტებს შეესაბამება.
ინიციატორები თამბაქოს წარმოების ლიცენზიის ვადის გადაწევას სწორედ ლაბორატორიის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხებით ხსნიან.
“კანონმდებლობით განსაზღვრული ლაბორატორიის მოწყობა ფინანსურ ხარჯებთან და დროის რესურსთან არის დაკავშირებული. ლაბორატორიის აღჭურვისათვის საჭირო დანადგარების უმეტესი ნაწილის ადგილობრივ ბაზარზე შეძენა შეუძლებელია. შესაბამისად, საჭირო დანადგარების მწარმოებლის მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმებული პროდუქციის შესყიდვა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ უნდა განხორციელდეს.
ლაბორატორიული დანადგარების მწარმოებელი უცხოური საწარმოების მიერ დანადგარების დასამზადებლად და ტრანსპორტირებისათვის განსაზღვრულია სტანდარტული ვადები. ამასთანავე, დანადგარების საწარმოში დაინსტალირებისათვის და ტექნიკურად გამართვისათვის საჭიროა მწარმოებელი ქარხნის ტექნიკური ჯგუფის ჩართულობა, რაც კიდევ უფრო ართულებს ლაბორატორიის მოწყობის პროცესს.
იმისათვის, რომ სრულად იქნეს შეძენილი ლაბორატორიისთვის საჭირო აღჭურვილობა და მოხდეს მათი ინსტალაცია, საჭიროა დაახლოებით 7-9 თვე“, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)