საქართველოში არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი – „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“

20 მაისს სომხეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრიდან გააბრუნეს ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი. ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“.
„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ გმობს ჟურნალისტის საქართველოს საზღვრიდან გაბრუნების გადაწყვეტილებას.
უილ ნილი საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა. როგორც ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ის სომხეთ-საქართველოს საზღვარზე 45 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი კი ახსნა-განმარტების გარეშე, კანონის ბუნდოვანი ჩანაწერით აუხსნეს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“. მას არ აქვს წვდომა თბილისში დატოვებულ პირად ნივთებზე.
„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ აღნიშნავს, რომ უილ ნილის საქართველოში არ შემოშვება დროში ემთხვევა მის მიერ მომზადებულ მასალას, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსებისა და ხელისუფლებასთან აფილირებული მედიასაშუალებების მხრიდან „ცილისწამებლური კამპანია“ მოჰყვა.
მიმდინარე წლის 31 მარტს ბრიტანულმა Byline Times-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც საუბარი იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის ახლო ბიზნესპარტნიორის, Hunnewell Partners-ის რუსულ კავშირზე. Hunnewell Partners-ი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის კომპანიაა. მისი საკუთრებაა ტელეკომპანია „იმედიც“.
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე კომენტარის მისაღებად დაუკავშირდა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს – პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა გაანახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს