ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა

საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა. მესამე, დასკვნით მატჩში ჩვენი გუნდი რუმინელ თანატოლებს შეხვდა. მატჩის უმეტეს დროს საქართველოს ნაკრები ლიდერობდა, თუმცა ბოლო პერიოდი ჩვენებმა 7:16 დათმეს და შეხვედრაც სამწუხაროდ, წააგეს – 69:74.
ნიკა ბურჯანაძის, ბექა ბექაიას და გიორგი გოგალაძის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა პირველი პერიოდი 27:22 მოიგო. მეორე ათწუთეულში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. რუმინელები წამოგვეწივნენ და ერთი ხანობა წინაც გავიდნენ, თუმცა ქართველებმა ლიდერობა მალევე დაიბრუნეს და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 43:39.
მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრების უპირატესობა 10 ქულამდეც
გაიზარდა. მეოთხედის შუაწელში სანდრო შარვაშიძის ორქულიანს ქართველების 52:42 დაწინაურება მოჰყვა. რუმინელებმა წუთშესვენება აიღეს და პაუზის შემდეგ უკეთესად ათამაშდნენ. პერიოდის ბოლომდე მეტოქემ ჩამორჩენა კვლავ 4 ქულამდე შეამცირა და მთავარი ბრძოლა გადამწყვეტ ათწუთეულში შედგა.
შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე რუმინელებმა ანგარიში გაათანაბრეს და მომდევნო შეტევაში წინაც გავიდნენ – 68:66. თამაშის დასრულებამდე 2:40 წუთით ადრე ნიკოლოზ ბოდაველის სამქულიანით საქართველომ ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა, სამწუხაროდ, საბოლოოდ. რუმინელებმა დარჩენილ დროში 8 უპასუხო ქულა ჩაგვიგდეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საკალათბურთო აკადემიის წევრი დავით ტრაპაიძე გახდა, რომელმაც 28 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა მიითვალა. ტრაპაიძემ 16 ცდიდან 6 სამქულიანი ჩააგდო. 11 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა საბა პატაშურმა, რომელიც ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. პატაშურთან ერთად ხუთეულში 2 თურქი, 1 სერბი და 1 რუმინელი მოთამაშე შევიდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.