საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „ლაიონ ტრანსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის, რომელსაც ხელი რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და კომპანიის დირექტორმა გურამ ყველაიძემ მოაწერეს, ფარგლებში, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერინგის ფაკულტეტზე ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა.
სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის კონცეფცია საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შეიმუშავა, ხოლო ლაბორატორიის აღჭურვა კომპანიამ დააფინანსა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, კომპანია ,,ლაიონ ტრანსი“ ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიას უზრუნველყოფს დარგის შესწავლისა და განვითარებისთვის აუცილებელი დანადგარებითა და მასალებით, როგორიცაა: ელექტროავტომობილის ელექტრო ძრავა; ელექტროავტომობილის მთავარი გადაცემა (რედუქტორი) დიფერენციალი; P-D-R გადამრთველი სელექტორი; ელექტროავტომობილის მაღალი ძაბვის აკუმულატორთა ბატარეა; ელექტროავტომობილის მაღალი ძაბვის ელექტროსადენები; ელექტრო დენის მიწოდების მარეგულირებელი ინვერტორი; მუდმივი დენის ძაბვის გარდამქმნელი (ე.წ. DC-DC გარდამქმნელი); აკუმულატორთა ბატარეის დამუხტვის მოდული და მოწყობილობა (კომპლექტი); აკუმულატორთა ბატარეის პორტატული დასამუხტი მოწყობილობა.
მემორანდუმის თანახმად, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ დარგის წამყვან, უცხოელ (ჩინეთი/გერმანია) სპეციალისტებთან ერთად ლაბორატორიაში ჩაატარონ კვლევითი სამუშაოები და ჩაერთონ ინდუსტრიის ყველაზე დიდ მწარმოებლებთან ერთობლივ, იმ სამუშაო პროცესში, რომელიც საჭირო და აუცილებელია დარგის შესწავლისა და განვითარებისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა კომპანია „ლაიონ ტრანსის“ დამფუძნებლებს სტუ-ისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიის აღჭურვისთვის. როგორც დავით გურგენიძემ განაცხადა, ლაბორატორია უკვე მზადაა ერთობლივი სამუშაოების ჩასატარებლად.
„ბოლო პერიოდში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არაერთი, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია გაიხსნა. განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა მშობლიური ალმა-მატერს გვერდით მისი კურსდამთავრებულები დგანან. სწორედ სტუ-ის კურსდამთავრებულები დაეხმარნენ ფაკულტეტს ლაბორატორიის აღჭურვაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ლაბორატორიის შექმნის იდეა ეკუთვნის სატრანსპოტრო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერინგის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, აწ განსვენებულ ოთარ გელაშვილს, რომელმაც ბევრი მეცნიერული შრომა მიუძღვნა ელექტროავტომობილებს კვლევას. დარწმუნებული ვარ, ბატონი ოთარის უკვე ხორცშესხმულ იდეას, წარმატებით განახორციელებს ფაკულტეტის ახალი მენეჯმენტი. ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი სტიმულს მისცემს და ახალ სიცოცხლეს შესძენს საავტომობილო დარგის სასწავლო კურსის განვითარებას, რაც კომპანიის დამფუძნებლისთვის, ასევე, უნივერსიტეტისთვის, სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტებისათვის წარმატების გარანტია იქნება. მადლობა მინდა გადავუხარო „ლაიონ-ტრანს“-ის დამფუძნებლებს და წარმატებები ვუსურვო ჩვენს სტუდენტებს და მათ პედაგოგებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და “ლაიონ ტრანსს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, სატრანსპოტრო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერინგის ფაკულტეტის პერიოდულ გამოცემაში (რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი „ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა“), გამოქვეყნდება, როგორც კომპანიის თანამშრომლების, ასევე „ლაიონ-ტრანსისა“ და ფაკულტეტის წარმომადგენლების მიერ ერთობლივად შესრულებული შრომები. ასევე, უნივერსიტეტი და კომპანია ერთობლივად ჩაატარებს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციებს. უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს კომპანიის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას. კომპანია უნივერსიტეტთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, ელექტროავტომობილების დანერგვის, გაუმჯობესების, გავრცელების და ეკოლოგიურობის, მათი ექსპლუატაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით ჩაატარებს კვლევას, შდეგები კი გამოქვეყნდება უცხოურ და ადგილობრივ გამოცემებში. კომპანიის თანამშრომლები სტუდენტებისათვის საჯარო ლექციებს წაიკითხავენ და ასევე, წარმატებულ სტუდენტებს კომპანიაში დაასაქმებს.