ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.­
მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა ბაქოში, „განჯელიკის“ სამთავრობო რეზიდენციაში, გაიმართა.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირადი მიწვევით SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმს, საპატიო სტუმრის სტატუსით, ესწრება.
ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებზე და აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
„განიხილეს ქვეყანათა სტრატეგიული თანამშრომლობის - ვაჭრობა-ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა - საკითხები, ამავდროულად საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მნიშვნელოვანი პროექტები: შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების, გზების გაფართოებას, მშენებლობა-განვითარებას; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც მთავრობის მეთაურის თქმით, უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალს.
აღინიშნა, რომ სამომავლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკულ რესურსთა ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად მასშტაბური პროექტის − შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის − განვითარების საკითხსა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან ძალიან მალე გააფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.