18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად, ის უმძიმესი დღეები და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში, სადაც გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პრემიერმა აგვისტოს ომის გმირების სამაგალითო პატრიოტიზმზე ისაუბრა და მათ ოჯახებს თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
„მათი მაგალითი უნდა იყოს განმსაზღვრელი თაობებისთვის. მათი პატრიოტიზმი არის სამაგალითო და რა თქმა უნდა, ჩვენ გვეკისრება ვალი ამ გმირების წინაშე, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მათი ოცნების ასახდენად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.