საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, გამოცხადებულია წითელი დონე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, საკანონმდებლო ორგანოში პირველი მაისის 23:00-დან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა და წითელი დონე ამოქმედდა.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმიდან გამომდინარე, რომელიც საშიშროებას უქმნის პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ცხადდება უსაფრთხოების წითელი დონე. წითელი დონის დროს ყველა პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა, ვალდებულია დატოვოს პარლამენტის სასახლე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელის საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
განცხადებაში არ არის ნათქვამი, როდემდე გრძელდება ეს შეზღუდვა. ამ განცხადებამდე პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებდა, რის საფუძველზეც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ონლაინმედიის ჟურნალისტებს შენობაში შესვლა აუკრძალა.
რუსთაველზე აქციის დარბევა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო - 10:30-სთვის სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდა ყველა საპოლიციო სპეციალური საშუალება: წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი. აქციის ერთ მონაწილეს თვალი აქვს დაზიანებული.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.