საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც წელს თურქეთის დედაქალაქი ანკარა მასპინძლობს. „ღონისძიებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 16 ქვეყანა მონაწილეობს. მინისტერიალის მონაწილეები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც ერთობლივ განცხადებას მოაწერენ ხელს.
მინისტერიალის ფარგლებში, ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წელს გახდა. მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივა მოწოდებულია ხელი შეუწყოს უსაფრთხოებას არა მხოლოდ რეგიონში, არამედ რეგიონის ფარგლებს გარეთ ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, როგორიცაა ნატო, გაერო და ეუთო. სამხრეთ – აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს საქართველომ 2017 წელს უმასპინძლა“, – ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ