საქართველოს ვალია ხელოვნური ინტელექტი ქართულ ენაზე განვითარდეს - ავთანდილ კასრაძე
საქართველოს ვალია, რომ ხელოვნური ინტელექტი ქართულ ენაზე განვითარდეს, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში თუ ვერ შევძელით, რომ ხელოვნური ინტელექტი ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი იყოს, გლობალიზაციის პირობებში, განსაკუთრებით მომავალ თაობაში, ქართული ენა კონკურენტუნარიანობას დაკარგავს.
„დღეს შეუძლებელია, რომელიმე ქვეყანა განვითარდეს ხელოვნური ინტელექტის გარეშე. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან მკაფიო გეგმები გვაქვს. ჩვენ სამეცნიერო მიმართულებით შევქმნით ჯგუფს, რომელიც იმუშავებს კონკრეტული ბიზნეს-აპლიკაციების შექმნაზე, რომელიც გამოიყენება ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სოფლის მეურნეობის სისტემებში. ჩვენი სამეცნიერო მიმართულების ფოკუსი იქნება ხელოვნური ინტელექტის ქართულ ენაზე განვითარება, ქართული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ყველა სფეროში ხელოვნური ინტელექტის სიკეთეები იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდოს“, - განაცხადა კასრაძემ.
bp.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.