საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ბანკი მეწარმეობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ინტენსიური ვორქშოპები 3, 4 და 5 აგვისტოს ქუთაისში გაიმართება.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პარტნიორობით.

პროგრამა წარმოადგენს 360°-იან განვითარების პლატფორმას, რომელიც ქალ მეწარმეებს სთავაზობს პრაქტიკულ ცოდნას, პროფესიულ მენტორობას, გამოცდილების გაზიარებასა და ბიზნესქსელის შექმნის შესაძლებლობას.

სამდღიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დაესწრებიან პრაქტიკულ სესიებს შემდეგ თემებზე:

  • ბიზნესის განვითარება
  • სოციალური მედიის მართვა
  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბიზნესში
  • გაყიდვების საწყისები
  • ელექტრონული კომერცია

 

„საქართველოს ბანკისთვის ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გვიხარია, რომ პროგრამა უკვე მე-20 ნაკადს მასპინძლობს და სულ უფრო მეტ ქალ მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლოს ცოდნა, გაიღრმაოს პრაქტიკული უნარები და განავითაროს საკუთარი ბიზნესი. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან თანამედროვე ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, ციფრულ მარკეტინგსა და ელექტრონულ კომერციას. გვჯერა, რომ ცოდნასა და გამოცდილებაში ინვესტირება მეწარმეების წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა და საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას“, – აცხადებს ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის არაფინანსური პროდუქტების განვითარების და სუბსიდირებული პროექტების სამსახურის უფროსი.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში დღემდე 300-ზე მეტი ქალი მეწარმეა გადამზადებული.

მე-20 ნაკადზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.