“საქართველომ ვერ შეძლო, მეტოქემ არც მოინდომა, მაყურებელმა საათნახევარი დაკარგა” – უკრაინელი ექსპერტები იმედგაცრუებული არიან

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებულ მატჩში (0:0), უკრაინელი ექსპერტები თანამემამულეთა თამაშით უკმაყოფილოები დარჩნენ.
ვიაჩესლავ ზახოვაილო: „გულახდილად გეტყვით, თამაში არ მომეწონა. გუნდებმა ძალიან დაბალი დონე დ ბევრი ინდივიდუალური წუნი გვაჩვენეს. მალდერამ კვლავ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით. საქართველოს ნაკრები დაღლილად გამოიყურებოდა, მეორე ტაიმი გუნდებმა სტატიკურ მდგომარეობაში ჩაამთავრეს. თბილისიდან სამი ქულის წამოღება დღეს ჩვენთვის სირცხვილი არ არის“.
იგორ იურიჩი: „ერთა ლიგის პირველმა ტურმა შეხვედრის არსი განაპირობა. სახლში დამარცხებული მასპინძლები ვალდებული იყვნენ ბედი შეტევაში ეძიათ. ბუდაპეშტში მოგებულ უკრაინას შეეძლო საკუთარი თავისთვის დაცვიდან მოქმედების უფლება მიეცა – თითქოს ჩასაფრებიდან. თუმცა ის, რომ აშკარად ფრეზე ითამაშა, უმეტესობისთვის სიურპრიზი იყო.
ერთმა გუნდმა ვერ შეძლო, მეორემ კი არც მოინდომა – ეს ზუსტი ფორმულირებაა. არ მოინდომა – ეს ჩვენებზეა ნათქვამი. შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ შედეგი იმედგაცრუებულ სახეზეა. რა თქმა უნდა, აქ საუბარი მაყურებელზეა, რომელმაც საათნახევარი უაზროდ დაკარგა. დივანის სტრატეგები კი კმაყოფილები არიან.
სასტარტო გამარჯვებით შეგულიანებული ექსპერტები ფრთხილი ოპტიმიზმით იყვნენ განმსჭვალულნი. თუმცა, უნდა ვიფიქროთ, მათი იმედი იმას ეფუძნებოდა, რომ საქართველო უნგრეთზე სუსტია. დაპირისპიებამ ეს ნათლად დაადასტურა. იმასაც ვიტყოდი, რომ ქართველებმა იმედგაცრუებულები დაგვტოვეს, რამეთუ ვერ შეძლეს მოწინააღმდეგის დუბლებთან თავისი თამაშის თავს მოხვევა და პირობების კარნახი.
როგორც მთავარ ვარსკვლავს შეეფერება, კვარაცხელია მოედნის მოთამაშეებს შორის გამოირჩეოდა, მაგრამ როგორც სობოსლაიმ პირველ ტურში, ამით მისმა გუნდმა ვერავითარი დივიდენდები ვერ მიიღო. მან და ევროპის ტოპ-ჩემპიონატის შვიდმა წარმომადგენელმა ვერაფერი გააწყვეს მეტოქესთან, რომელსაც სასტარტოში უკრაინის ჩემპიონატის შვიდი ფეხბურთელი ჰყავდა. ჩვენს კარში ბოლოს 63-ე წუთზე დაარტყეს, თუ ეს საერთოდ კარში დარტყმა გახლდათ. დიახ, ქართველებს მეტი მომენტები ჰქონდათ, მაგრამ იმის მტკიცებას ვერ დავიწყებ, რომ მოგებას იმსახურებდნენ“.
ვიქტორ ლეონენკო: „წინა ინტერვიუშიც ვთქვი, რომ ჩვენი ჯგუფი ყველზე სუსტია. ახლა ვფიქრობ, ეს დადასტურდა. ეჭვი მეპარება ასეთი ფეხბურთი ვინმეს მოსწონებოდეს. შეიძლება მივულოცოთ: ერთი ქულა გამოვიმუშავეთ და შემდეგ რა? ჩვენს სუსტ ჯგუფში ნებისმიერს შეუძლია პირველი ადგილის დაკავება. აი, გავალთ А ლიგაში და მერე რა? რაზეა საუბარი, როდესაც ასე უსუსურად გამოვიყურებით ქართველებთან, რომელთაც სრულიადაც არ ჰყავთ ყველაზე ძლიერი ნაკრები? ქულების მიხედვით ყველაფერი კარგადაა, ხოლო თამაშით?
უნგრეთის შემდეგ რაღაც სურვილი დავინახეთ. ჯანდაბას, რა რაღაც სურვილი? რატომ არავინ ამბობს, რომ უკვე მე-20 წუთზე შეიძლებოდა მოწინააღმდეგე დაწინაურებულიყო, მაშინ როცა ჩვენ ვერაფერს ვაკეთებდით? ჩვენ ხომ უძლიერეს ჯგუფში არ ვართ. ეიფორიას ჯერ ნუ მიეცემით“.