საფრანგეთში კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ჟერარ დეპარდიეს, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

კულტურის სფეროს 50-ზე მეტმა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს მხარდასაჭერ წერილს – იმ ფონზე, როცა მსახიობს ადანაშაულებენ გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში ქალების მიმართ. წერილი გამოქვეყნდა გამოცემაში Le Figaro, და მას, მათ შორის, ხელს აწერენ მსახიობი პიერ რიშარი, მომღერალი, მოდელი და საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი, კარლა ბრუნი, მსახიობები კაროლ ბუკე და ემანუელ სენიე, ასევე ბრიტანელი მსახიობი, შარლოტ რემპლინგი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხელმომწერთა ნახევარს შეადგენენ ქალები.
წერილში ნათქვამია, რომ დეპარდიე – რომელსაც 27 დეკემბერს 75 წელი უსრულდება – ექვემდებარება “ლინჩის წესით გასამართლებას”, რაც წინააღმდეგობაში მოდის უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპთან. ხელმომწერები, მათ შორის, აცხადებენ, რომ “დეპარდიე შესაძლოა უდიდესი მსახიობი იყოს”, “საფრანგეთი მისგან დიდადაა დავალებული”, “როცა ხალხი ჟერარ დეპარდიეს ამ ფორმით ესხმის თავს, ისინი ხელოვნებას ესხმიან თავს”.
რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დეპარდიეს წინააღმდეგ მიმდინარე საჯარო კამპანიას “მოშხამვა” უწოდა.
უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს სასამართლო დეპარდიესა და მსახიობ შარლოტ არნუს შორის, რომელიც დეპარდიეს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. გარდა ამის, 12-ზე მეტმა ქალმა დეპარდიეს ბრალი დასდო სექსუალურ ძალადობაში, თუმცა ამის შესახებ ჯერ პოლიციაში არ განუცხადებიათ.
დეპარდიეს გარშემო მორიგი სკანდალი დაიწყო ტელეარხ France 2-ის ეთერში დოკუმენტური ფილმის გასვლის შემდეგ – ფილმი ასახავს მსახიობის გადაღებაზე გამგზავრებას ჩრდილოეთ კორეაში, რომლის დროსაც ის უპატივცემულო, ვულგარული და სექსისტური განცხადებებით გამოდის ქალების მისამართით.
ამ ბრალდებების ფონზე, დეპარდიეს შესაძლოა ჩამოართვან საპატიო ლეგიონის ორდენი. შესაბამისმა უწყებამ უკვე დაიწყო საამისო პროცედურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ