საფრანგეთი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგისა და პოლონეთის დასაცავად Rafale-ის გამანადგურებელს გაგზავნის

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგების გადაწყვეტილება მიიღო.
„პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, გადავწყვიტე Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგება, რათა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად წვლილი შევიტანო პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში. ეს დაპირება გუშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრს მივეცი“, - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, ეს საკითხი ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან განიხილა, რომელიც ასევე მონაწილეობს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში.
„ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. არ დავნებდებით რუსეთის მზარდ დაშინებას“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.