სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკებში აქციის დაშლისას დაშავებული 33 პირი გადაიყვანა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა 28-29 ნოემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 33 პირი გადაიყვანეს.
ინფორმაციას რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტრო აწვდის.
დაშავებულთაგან 13 აქციის მონაწილეა, 4 – ჟურნალისტი, 16 შსს-ს თანამშრომელი.
რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში ეუბნებიან, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებულთა ნაწილმა უკვე დატოვა კლინიკები.
ამ რიცხვში არ შედიან ის ადამიანები, რომლებმაც კლინიკებს თავად მიმართეს. მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს.
აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი. დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მსვლელობისას დაშავდა 32 პოლიციელი, 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!