“ქრონიკა+”-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ეხმაურება.
ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღემდე გაუგებარია რატომ დააკავეს კილაძე ქუჩაში, სპეცრაზმისა და ათობით ნიღბიანის საშუალებით.
მთივლიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას თავიდანვე ის მიზანი ჰქონდა, რომ „ბუას ეფექტი“ შეექმნა და საზოგადოებაში შიში დაეთესათ.
“მთის ამბების დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პროკურატურის არგუმენტი, რომ ელისო ცნობილი ჟურნალისტია და შეუძლია, საჯარო გამოსვლებით ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან საშიში პრეცედენტია!:
“მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ელისო კილაძის საქმეს.
ელისო ოთხ თვეზე მეტია, რაც სპეცრაზმის გამოყენებით დააკავეს. დღემდე ვერ გავიგე, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რა საჭირო იყო მისი დაკავება დღისით, შუა ქუჩაში, კბილებამდე შეიარაღებული სპეციალური დანიშნულების რაზმის ნიღბიანი თანამშრომლების მონაწილეობით. გამოკითხვაზე დაიბარეს და არ მივიდა? წინააღმდეგობის გაწევას ელოდნენ? გარბოდა? ფიზიკურად საფრთხეს წარმოადგენდა? თუ თავიდანვე ის მიზანი გქონდათ, რომ „ბუას ეფექტი“ შეგექმნათ და საზოგადოებაში შიში დაგეთესათ?
ოთხ თვეზე მეტია, ის რუსთავის ქალთა ციხეშია დაპატიმრებული. ამ პერიოდში მას არ აძლევენ ოჯახის წევრებთან დარეკვის, შეხვედრის და მიმოწერის საშუალებას. ისეთი ელემენტარული უფლებებიც კი შეუზღუდეს, რაც უკიდურესად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებსაც აქვთ. ამასთან, ადვოკატებს ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის ვალდებულებაზე – ეს ნიშნავს, რომ საქმესთან დაკავშირებით, მით უმეტეს საქმის მასალების მოშველიებით, საუბარიც კი აუკრძალეს, არათუ რაიმე დოკუმენტის გასაჯაროება.
ელისო კილაძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში არა ღია სხდომებზე, არამედ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროკურატურის არგუმენტია, რომ ელისო ცნობილი ჟურნალისტია და შეუძლია, საჯარო გამოსვლებით ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე. ეს არგუმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან საშიში პრეცედენტია!
ნულოვანი ნდობა მაქვს „ქართული ოცნების“ პროკურატურის, ოლიგარქის სასამართლოს და მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ. საკუთარი თვალებით უნდა ვნახო და ჩემი ყურებით მოვისმინო პროცესებზე მხარეთა მტკიცებულებები, რათა დავრწმუნდე, რასაც ედავებიან ელისოს, არის თუ არა ეს სიმართლესთან კავშირში.
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia რაც შეიძლება სწრაფად, მომდევნო სხდომიდანვე გახსენით პროცესები! სხვა შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ელისო კილაძის მიმართ მართლმსაჯულება კი არ ხორციელდება, არამედ მას სჯიან და იზოლაციაში ჰყავთ, რათა მისი ხმა ჩაახშონ. ეს ხმა შესაძლოა ვიღაცებს სხვადასხვა მიზეზით არ მოსწონდათ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ მისი ჩახშობის უფლება უნდა მივცეთ! გახსენით პროცესები და დაგვარწმუნეთ, რომ ის არ არის პოლიტიკური პატიმარი!
პროკურატურაში განცხადებას/მიმართვას ხვალ ვაგზავნით. ამიტომ, მედიის წარმომადგენლებს ხელმოწერა კვლავ შეგიძლიათ”-აცხადებს გელა მთივლიშვილი.




