სასკოლო ტრანსპორტი ავტობუსის ზოლში მოძრაობას შეძლებს

სასკოლო ტრანსპორტი მომავალი წლის იანვრიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობას გარკვეული პირობებით შეძლებს, ამის შესახებ თბილისის მერმა მ განაცხდა და ინიციატივა დედაქალაქში არსებულ საცობებს დაუკავშირა.
„ვინაიდან ამ ქალაქში კერძო ავტომანქანების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებებს, გადავწყვიტეთ, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ საავტობუსო ზოლში, გარკვეული პირობებით“, – განაცხადა კახა კალაძემ
ავტობუსის ზოლში მოძრაობას შეძლებენ საჯარო და კერძო სკოლების ტექნიკურად გამართული სასკოლო ავტობუსები, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტექნიკური დათვალიერება და განთავსებული აქვთ მოსწავლეების გადაყვანის აღმნიშვნელი ვიზუალური ნიშანი, რომელიც შეთანხმებულია მერიასთან.
სასკოლო ტრანსპორტი ავტობუსების ზოლში იმოძრავებს სამუშაო დღეების განსაზღვრულ მონაკვეთებში – 06:00-დან 09:00 საათამდე და 14:00 დან 18:00 საათამდე პერიოდში.
კახა კალაძის განმარტებით, სასკოლო ტრანსპორტის საავტობუსო ზოლში დაშვების მიზნით, სკოლამ მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს.
სასკოლო ტრანსპორტს საავტობუსო ზოლში გაჩერების უფლება ექნება მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე, არაუმეტეს 1 წუთისა.
შაბათ-კვირას, ოფიციალურ უქმე დღეებში და სამუშაო დღეების სხვა დროის მონაკვეთებში ავტობუსის ზოლში მოძრაობის, ასევე დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში, სასკოლო ტრანსპორტი დაჯარიმდება.
„იმისათვის, რომ სასკოლო ავტობუსს ჰქონდეს ავტობუსის ზოლით სარგებლობის უფლება, სკოლამ მოძრაობის მარშრუტის შესათანხმებლად უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და წარადგინოს კონკრეტული დოკუმენტაცია. მათ შორის ავტობუსების რაოდენობა შესაბამისი სახელმწიფო ნომრის და მარშრუტის მითითებით, ასევე კონკრეტული სკოლის ავტობუსების ვიზუალური მხარის ამსახველი მასალა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რეგულაცია იმოქმედებს სატესტო რეჟიმში, 2024 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე.
1 ივნისიდან თბილისის საავტობუსო ზოლებში მოძრაობა შეუძლიათ ე.წ. თეთრი ფერის ანუ A კატეგორიის ტაქსებს, რომელთა ასაკი 10 წელზე ნაკლებია.