საპატრიარქო მიტროპოლიტ ანდრიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში მიტროპოლიტ ანდრია გვაზავასთან დაკავშირებით გავრეცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს მიხედვით, მოჩვენებითი ქომაგობითა და ზღვარსგადასული ინტერესით, ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ცდილობენ, რომ დააკნინონ მღვდელმთავრების ღირსება.
“ამა წლის 28 აპრილს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომის მიმართ მოსალოდნელი იყო დიდი ინტერესი. სამწუხაროდ, ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა.
თითქოს სიკეთისა და გულშემატკივრობის სახელით ექომაგებიან ჩვენთვის პატივსაცემ მღვდელმთავრებს და ამით ცდილობენ, წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ.
ამ კონტექსტში საზოგადოებისა და ეკლესიის სისავსისათვის გვინდა, მაღალყოვლადუსამღვდელოესის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) შესახებ განვმარტოთ და ვთქვათ: საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდში მაღალყოვლადუსამღვდელოესი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) არის ერთ-ერთი გამორჩეული და ნათელი ქრისტიანული ცხოვრებით მოღვაწე მღვდელმთავარი.
ის მრავალი წლის განმავლობაში თავდადებულად ემსახურება დედაეკლესიას, თავისი ზნეობრივი ცხოვრებიდან გამომდინარე, არის საქართველოს ეკლესიის ზნეობრივი კომისიის წევრი. მისი როლი ეკლესიის ცხოვრებაში ყოველთვის იყო და არის მნიშვნელოვანი. ღრმად გვწამს, რომ ასევე იქნება მომავალშიც.” – წერს საპატრიარქო.
ცნობისთვის, 30 აპრილს, ფორმულა წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ სინოდის სხდომაზე საპატრიარქო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება სურდა მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას. ტელევიზიის ცნობით, “მოსაყდრე შიოს მხარდაჭერებმა” მეუფეს “გარკვეულ ზნეობრივ დარღვევაზე” მიუთითეს, რის შემდეგაც მიტროპოლიტმა კანდიდატურის დაყენება გადაიფიქრა.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, სინოდის სხდომაზე 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩიეს. მოსაყდრე შიომ მოახერხა ხმათა ნახევარზე მეტის – 20 ხმის მოგროვება, რაც გაფართოებულ კრებაზე გამარჯვებისთვის არის საჭირო. მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ მიტროპოლიტი იობი 7 ხმით, მიტროპოლიტი გრიგოლ ასევე 7 ხმით.
მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტები იობი და გრიგოლი – სამი საპატრიარქო კანდიდატი გამორჩეულია