საოკუპაციო რეჟიმი უკრაინაზე თავდასხმებს აძლიერებს – დღეს დადასტურდა, რომ უკრაინაში ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს

საოკუპაციო რეჟიმი უკრაინაზე თავდასხმებს აძლიერებს. ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად იბომბება ქვეყნის 5 ოლქი, მათ შორის კიევი, ხარკოვი და სუმი. არის მსხვერპლი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. საჰაერო იერიშების პარალელურად, რუსეთი ცდილობს ინიციატივა აიღოს ფრონტის ხაზზეც, სადაც პერმანენტული შეტაკებები გრძელდება. დღეს დადასტურდა, რომ უკრაინაში ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.
კინჯალის რაკეტებისა და ირანული შაჰედის დრონების შემდეგ რუსეთის ხელში დამატებით ახალი საშიში იარაღი, ამჯერად უკვე ჩრდილოეთ კორეის წარმოებული ბალისტიკური რაკეტებია, რომლებიც უკრაინულ ქალაქებს ემუქრება. როგორც უკრაინულმა, ასევე ამერიკულმა ოფიციალურმა წყაროებმა დღეს დაადასტურეს ინფორმაცია, რომ 30 დეკემბერს და 2 იანვარს ხარკოვის დაბომბვის დროს რუსეთის არმიამ სწორედ ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული KN-23 ტიპის რაკეტები გამოიყენა. ამ ფონზე, ზელენსკი პარტნიორებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცების აუცილებლობაზე დღეს განცხადებები გაკეთდა როგორც თეთრ სახლში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში, თუმცა სპიკერმა მეთიუ მილერმა ისიც აღნიშნა, რომ სამომავლოდ უკრაინის დაფინანსება იმ დონის ვეღარ იქნება, როგორც ეს 2022-23 წლებში იყო. მიდგომის ცვლილება გულისხმობს უკრაინის მხარდაჭერას, რომ ქვეყანამ თავად გააძლიეროს ინდუსტრია და საჭირო იარაღის წარმოება შეძლოს.
ამერიკის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცების საკითხის გადაწყვეტამდე, შედარებით მცირე მოცულობის, თუმცა მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინა სხვა პარტნიორებისგან იღებს. მათ შორის ბოლო სიახლეები გერმანული და ბრიტანული პაკეტების მიღებას ეხება, რაც როგორც საჰაერო თავდაცვის საშუალებების, ასევე არტილერიის და სხვა ტიპის შეიარაღების მიწოდებას მოიცავს. ამ პროცესების პარალელურად, ფრონტის მთელ ხაზზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. ორივე მხარეს ყოველდღიურად არის როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის დანაკარგები.
2024 წლის პირველივე კვირაში გახმაურებული სიახლეები ადასტურებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ხანგრძლივი მსვლელობა ექნება. ვლადიმერ პუტინი არმიაში უცხოელ კონტრაქტორებს იწვევს და მათ სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქეობას ჰპირდება. დაახლოებით ნახევარი მილიონი სამხედროს დამატებით მობილიზებას გეგმავს უკრაინა. ამავდროულად ქვეყანა გაამკაცრებს ზომებს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების შემთხვევაში და გაწვევის ასაკის ზედა ზღვარს 25-დან 27 წლამდე გაზრდის. შესაბამისი კანონპროექტები რადაში უკვე წარდგენილია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”