„სანთლით არის საძებარი ფიზიკური მაღაზიები, სადაც შეხვალ და მაღალხარისხიან ეროტიკულ აქსესუარებს შეიძენ“ - როგორ ვითარდება სექს-შოპების ბიზნესი საქართველოში
„სანთლით არის საძებარი ფიზიკური მაღაზიები, სადაც შეხვალ და მაღალხარისხიან ეროტიკულ აქსესუარებს შეიძენ“ - როგორ ვითარდება სექს-შოპების ბიზნესი საქართველოში
სექს-შოპების ბიზნესი საქართველოში მზარდია, ამის შესახებ „კომერსანტთან“ ეროტიკული მაღაზია Beyou-ის გენერალურმა მენეჯერმა მარიამ წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ქართველი მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება და სწორედ ეს გახდა რამდენიმე თვის წინ მაღაზიის გახსნის მიზეზიც.
„Beyou ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი არის საქართველოში, რომელიც თამამად არის წარმოჩენილი ფიზიკურ სივრცეში. აქამდე მცირედი ასორტიმენტი გვქონდა წარმოდგენილი Myday-ს მაღაზიაში, გამომდინარე იქიდან რომ ეს მიმართულება ძალიან მოთხოვნადი იყო, გადავწყვიტეთ რომ გაგვეფართოებინა. ინტერესი ძალიან გაიზარდა, რთულია კონკრეტული რიცხვების დასახელება, მაგრამ წინა წლებთან შედარებით ზრდა მნიშვნელოვანია.
დღეს ქვეყანაში სანთლით არის საძებარი ორგანიზებული ფიზიკური მაღაზიები სადაც შეხვალ და მაღალხარისხიან ეროტიკული აქსესუარებს და სამოსს შეარჩევ და შეიძენ. ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი, ის უნდა აკმაყოფილებდეს მაღალ სტანდარტებს, ამისათვის ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ პარტნიორებთან რომლებიც ამას უზრუნველყოფენ. პროდუქცია შემოგვაქვს გერმანიიდან და ჰოლანდიიდან“, - ამბობს მარიამ წერეთელი.
მისი თქმით, ამ მიმართულებით კონკურენცია ქვეყანაში არის, თუმცა ძირითადად ონლაინ მაღაზიებია წარმოდგენილი.
„ბაზარზე არაერთი კონკურენტია წარმოდგენილი, რასაც ძალიან ვაფასებთ, მაგრამ ფიზიკური მაღაზიის მხრივ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვართ. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვთანამშრომლობთ კიდეც კონკურენტებთან პროდუქციის გაცვლის კუთხით.
მომავალში ვგეგმავ უფრო მრავალფეროვანი პროდუქციის დამატებას, რადგან მოთხოვნა არის და მომხმარებლებს ადგილზე, გამოწერის და ლოდინის გარეშე სურს მათი შეძენა. გავააქტიურეთ მიტანის სერვისი და ესეც ძალიან მოთხოვნადია. ვფიქრობ, მოთხოვნა და შესაბამისად ბაზარიც ზრდადია“, - ამბობს მარიამ წერეთელი.
პირველი სექს-შოპი თბილისში 2001 წელს გაიხსნა და მისი სახელი „აფროდიტე“ იყო. ინტიმურმა მაღაზიამ მხოლოდ რამდენიმე თვე იარსება და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო დაიხურა. მაღაზია რამდენჯერმე დაარბიეს და მისი დაწვის მცდელობაც კი იყო. დაახლოებით იგივე ბედი ეწია მეორე მაღაზიასაც, რომელიც უკვე ბათუმში გაიხსნა. ამ მოვლენების გათვალისწინებით, ქვეყანაში მსგავსი მაღაზიები ძირითადად ონლაინ სივრცეს არ ცდებიან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.