სანდრო ბარამიძე: …დღეს კი გვაქვს სრული დიქტატურა

14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ადამიანის უფლებების დაცვისა და არნახული დემოკრატიის მშენებლობის დაპირებით მოვიდა ხელისუფლების სათავეში, დღეს კი გვაქვს სრული დიქტატურა, ერთი ადამიანი მართავს ქვეყანას კულუარებიდან, თავისი ამფსონების მეშვეობით , – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა სანდრო ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის პერიოდზე საუბრისას განაცხადა.

ბარამიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველი რამდენიმე წელი ნორმალურად შეიძლება შეფასდეს, თუმცა დღეს მივიღეთ ვითარება, როდესაც არცერთი დემოკრატიული ინსტიტუტი გამართულად აღარ ფუნქციონირებს, მედია წნეხის ქვეშაა, სამოქალაქო საზოგადოება „სულს ღაფავს“, ოპოზიციური პარტიები გაუქმების რისკის ქვეშ არიან, ოპოზიციონერ ლიდერებს კი მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ.

„საბოლოო ჯამში, ეს 14 წელი არის ის, რომ ყველაფერი დაიწყო დაპირებებით – ადამიანის უფლებების დაცვით, არნახული დემოკრატიის მშენებლობით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფით, ეკონომიკური აღმავლობით და ა.შ. ასეთი დაპირებით მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში.

ვიტყოდი, რომ პირველი წლები იყო ნორმალური. იყო გარკვეული დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, მართლმსაჯულების სფეროში ვცდილობდით დემოკრატიულ გარდაქმნებს, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა ჯერ გაჩერდა, შემდეგ შეიცვალა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და დღეს ჩვენ გვაქვს სრული დიქტატურა, ერთი ადამიანის დიქტატურა, რომელიც ამ ქვეყანას მართავს კულუარებიდან თავისი ამფსონების მეშვეობით.

ეს არის სისტემა, სადაც არ არსებობს არც ხელისუფლებათა დანაწილება და გამიჯვნა, არც ურთიერთშეკავებისა და კონტროლის მექანიზმები, არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო არც საერთო სასამართლოების სახით და არც საკონსტიტუციო სასამართლოს სახით, დემოკრატიული ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და მედია საშინელი წნეხის ქვეშაა. მეტიც, ერთ დროს ძალიან მრავალფეროვანი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება სულს ღაფავს.

არცერთი დემოკრატიული ინსტიტუტი გამართულად აღარ ფუნქციონირებს, ოპოზიციურ პარტიებს გაუქმებით ემუქრება, პოლიტიკური ლიდერების ერთი ნაწილი ციხეში ზის, დანარჩენებს კი ახალი ბრალი წაუყენეს და მრავალი წლით ციხე ემუქრებათ აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებით. ადამიანებს ყოველდღიურად იჭერენ ტროტუარზე დგომისთვის თუ „ფეისბუქში“ ამა თუ იმ ფორმის განცხადებისთვის…

ერთი სიტყვით, გვაქვს სრული დიქტატურა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აუცილებლად დამთავრდება, თუმცა რაღაც პერიოდი კოშმარი, რაც მათ დამართეს ქვეყანას, გრძელდება“, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.