სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიცია: გამოვლინდა არჩევნების გაყალბების მაღალი რისკი

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციურმა სადამკვირვებლო მისიამ - “ჩემი ხმა” 25-მდე უბანზე ამოაჩინა, რომ ამომრჩევლებს ერთზე მეტი ბიულეტენი გადაეცემოდათ, მათ შორის - კახეთის რეგიონსა და აჭარაში. ასევე დაფიქსირდა ორი ბიულეტენით ხმის მიცემის მცდელობა სამ საარჩევნო ოლქში.
“ცხადია, ეს გაყალბების მაღალ რისკებს ქმნის. მსგავსი შემთხვევები გამოიწვევს შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დადგენის პრობლემას. შესაძლებელია, აღნიშნული, ასევე, მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლის ხელოვნურად შექმნას ან სხვა ტიპის მანიპულაციას”, - აღნიშნავს “ჩვენი ხმა”.
კოალიციის მეთვალყურეების ინფორმაციით, გარკვეულ საარჩევნო უბნებზე, ვერიფიკაციის აპარატების განლაგების გამო, დამკვირვებლებს არ ეძლევათ რეგისტრატორის საქმიანობის დაკვირვების შესაძლებლობა. ასევე, ინფრასტრუქტურის/ტექნიკის არახელსაყრელი განლაგების გამო, დამკვირვებლებს არ ჰქონდათ ვერიფიკაციის აპარატის დაკვირვების შესაძლებლობა. ასეთი დარღვევები გამოვლინდა არაერთი ოლქის არაერთ უბანზე.
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია - “ჩემი ხმა” 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. მისია აერთიანებს 2000-მდე ადამიანს. მათ შორის, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დაკვირვებაში ჩართულია 200 მოქალაქე. კოალიციის დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს ყველა საარჩევნო ოლქში, აგრეთვე ცესკოში აკვირდებიან. 73 საარჩევნო ოლქში მუშაობს 133 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები დღის განმავლობაში ინფორმაციას რეგულარულად გვაწვდიან როგორც საარჩევნო უბნებზე არსებული პროცესის, ასევე კონკრეტული დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.