სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები თავდაცვის უწყებაზე არ გავრცელდება

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები თავდაცვის უწყებაზე არ გავრცელდება.

შესაბამისი განმარტება ბაჩიაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

“თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო, რომ ეს მსჯელობის საგანი იყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა მაინც პოლიტიკური თანამდებობაა, ამან გარკვეული თვალსაზრისით თუნდაც შეკითხვები რომ არ გამოიწვიოს, ამ ეტაპზე სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებებში თავდაცვის სტრუქტურის კოორდინაცია არ იგეგმება“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონის პროექტს, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება. პროექტის მიხედვით, ახალი სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებაში დაზუსტდება, სადაც “მისი რუტინული თუ სტრატეგიული უფლებამოსილებები გაიწერება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა