სალომე ზურაბიშვილი - წარმომადგენელთა პალატამ დროულად მიიღო „MEGOBARI აქტი“ - გვჯერა, მალე აღვადგენთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დროულად მიიღო „MEGOBARI აქტი“ და ამით გამოხატა მხარდაჭერა და მეგობრობა ქართველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მადლობას გიხდით კონგრესმენო ჯო უილსონ და კონგრესმენო ბრაიან მასტ მკაფიო გზავნილებისა და მტკიცე პოზიციისთვის. გვჯერა, რომ ერთად მალე აღვადგენთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI), რომელიც ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტს სთხოვს, სანქციები დაუწესოს გარკვეულ პირებს, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს უსაფრთხოებას ან სტაბილურობას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.