სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

„თუ საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეზე ვიფიქრებდი“, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროსთან ინტერვიუს დროს ჟურნალისტის კითხვას – განიხილავს თუ არა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას.

თუმცა, ს თქმით, ამჟამად მისი გეგმა საპრეზიდენტო მანდატის ბოლომდე მიყვანაა.

„მე ამჟამად პრეზიდენტი ვარ და ჩემი მანდატი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრულდება, ახალი პარლამენტი კი მორიგ პრეზიდენტს აირჩევს, რადგან ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა პრეზიდენტი ხალხმა აირჩია. ჩემი გეგმა ამჟამად არის ის, რომ მანდატი ბოლომდე მივიყვანო და შევასრულო ჩემი როლი. პრეზიდენტმა უნდა სცადოს და კონსენსუსს მიაღწიოს ქვეყანაში, რომელიც ღრმად პოლარიზებულია. ეს ცხადია, იოლი ამოცანა ვერ იქნება საარჩევნო წელს, რომელიც სავარაუდოდ, ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა, რომლებიც ცდილობენ 9 რეკომენდაციის შესრულებას. ესაა ჩემი გეგმა. თუ დავინახავ, რომ ამ ამოცანის შესრულებას განსხვავებული ფორმატი დასჭირდება, მაშინ ვნახოთ. ან თუ საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება. მე ასე ვიტყოდი – თუ საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეზე ვიფიქრებდი“, – ამბობს ზურაბიშვილი.