სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს – ცესკო-ს განცხადება

სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს – ცესკო-ს განცხადება
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს. 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი განცხადებები მან ამჯერად დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი, ტრადიციულად არსებითი მტკიცებულებების და არგუმენტების გარეშე, კვლავ აყენებს ბრალდებებს “არჩევნების გაყალბებისა” და “რუსული მეთოდების” შესახებ. “- ამის შესახებ ნათქვამი ცესკო-ს განცხადებაში.
“სინამდვილეში ყველა ობიექტური დაინტერესებული მხარისათვის კარგადაა ცნობილი, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი არ ჰქონია ისეთ დარღვევებს, რომლებსაც შეეძლო არსებითი გავლენა ჰქონოდა შედეგებზე.
გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული პრეტენზიების ობიექტურად შესაფასებლად. პროკურატურის შუალედური განცხადებით, რომელიც არაერთ საგამოძიებო ექსპერიმენტს თუ ჩვენებას ეფუძნებოდა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ არავის, მათ შორის არც სალომე ზურაბიშვილს, არ წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები.
საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირება განახორციელა მაღალ პროფესიულ დონეზე და კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც, როგორც მინიმუმ, დადასტურებულია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებითაც.
ასეთი უსაფუძვლო განცხადებები დიდი ალბათობით მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით საარჩევნო გარემოსა და პროცესის მთლიანობის დაზიანებისკენ, არასწორი აღქმების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, რათა მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია და დაითესოს სკეპსისი ნებისმიერი არჩევნების შედეგებთან მიმართებაში, სადაც ბრალდებების ავტორებისთვის სასურველი შედეგი არ დადგება.
კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს, წარმოადგინონ შესაბამისი, საფუძვლიანი მტკიცებულებები, ან თავი შეიკავონ უსაფუძვლო და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისაგან.” – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია