საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 2023 წელს გაწეული სამუშაოს ანგარიში წარადგინა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წლის შემაჯამებელი მიღება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2023 წელს გაწეული სამუშაოს ანგარიში წარადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და წევრები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ს მერი, აკადემიური სფეროს, მედიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.
„მერაბ ტურავამ აღნიშნა, რომ 2023 წელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის იყო ერთმნიშვნელოვნად ნაყოფიერი. მიმდინარე წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო 110-ზე მეტი აქტი სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე; აქედან, საკონსტიტუციო სასამართლომ სამართალწარმოება დაასრულა 96 საქმეზე, რაც გასულ წლებთან შედარებით, მაღალი მაჩვენებელია; კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო 19 საბოლოო გადაწყვეტილება, 1 დასკვნა, ასევე, 23 საოქმო ჩანაწერი და 76 განჩინება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიუთითა, რომ მომდევნო წელს სასამართლო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას, მიმდინარე საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.
ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2023 წელს მთავარი წარმატება გამოიხატა საქართველოს მიერ ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, რაც წარმოადგენს წლების მანძილზე ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის და, ამავდროულად, შთაგონების წყაროა უფრო მეტი ენთუზიაზმითა და მონდომებით გავაგრძელოთ პროფესიული საქმიანობა საქართველოს ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
მიმდინარე წელი ნაყოფიერი იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო კომუნიკაციის მიმართულებითაც. 2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და აპარატის მოხელეთა მიერ განხორციელდა რამდენიმე საერთაშორისო სამუშაო ვიზიტი. ამავდროულად, გასულს წელს მაღალი დონის საერთაშორისო დელეგაციის ვიზიტებს უმასპინძლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც. ყოველივე ეს, დიდი მნიშვნელობის მატარებელია ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად და გამოცდილების გასაზიარებლად“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სასამართლოს აქტიურ თანამშრომლობაზე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომელთა მხარდაჭერით სასამართლო ახორციელებს სხვადასხვა წარმატებულ პროექტს.
„კერძოდ, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის: „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში“, ასევე, ევროპის საბჭოს პროექტის: „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მონაწილეობით წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ყოველწლიური საზაფხულო სკოლის მე-15 ნაკადს უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს სტუმრობდნენ და ლექციებს უძღვებოდნენ ევროპელი და ამერიკელი პროფესორები.
მერაბ ტურავამ აღნიშნა, რომ მომავალ წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გეგმავს ევროპული და შედარებითი კონსტიტუციური სამართლის XXV საერთაშორისო კონგრესის ორგანიზებას, რომლის ფარგლებში საქართველოს ესტუმრებიან ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების და რელევანტური ინსტიტუტების თავმჯდომარეები და წევრები, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მოსამართლეები და სხვა მაღალი რანგის დელეგატები.
ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს საგამომცემლო საქმიანობის მიმართულებაზე. წელს მოხდა „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ ორი ნომრის გამოცემა. ნიშანდობლივია, რომ განახლდა ჟურნალის სარედაქციო საბჭოს შემადგენლობა, რომლის შედეგადაც საბჭოს დაემატა რამდენიმე გამორჩეული ქართველი და უცხოელი მეცნიერ-მკვლევარი ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. წარმომადგენლობითი სარედაქციო საბჭო აამაღლებს გამოცემის ავტორიტეტს და უკეთეს შესაძლებლობას გაუჩენს, ერთი მხრივ, ქართველ ავტორებს, საერთაშორისო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი ნაშრომები, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ქართველი მკითხველის ხელმისაწვდომობას საერთაშორისოდ აღიარებული არაერთი მკვლევარისა თუ პრაქტიკოსის ნაშრომისადმი.
დასასრულს, მერაბ ტურავამ მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებს, ბათუმის მერს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, ასევე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებსა და საჯარო მოხელეებს ადგილობრივ დონეზე ღონისძიებების განხორციელებაში მხარდაჭერისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და აპარატის მოხელეებს 2023 წელს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის და მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაულები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – იზოლაციისკენ მივდივართ, რას ნიშნავს, „ვეტინგს“ არ გამოვიყენებთ და მურუსიძე ისეთი კარგი „ტიპია“, უცხოელებმა როგორ უნდა შეაფასონ? – ასეთი ლაპარაკით ევროპას დიდ კედელს ამოვუშენებთ

ფაიგ ნაბიევი – იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა

გედევან ფოფხაძე – იზოლაციისკენ მივდივართ, რას ნიშნავს, „ვეტინგს“ არ გამოვიყენებთ და მურუსიძე ისეთი კარგი „ტიპია“, უცხოელებმა როგორ უნდა შეაფასონ? – ასეთი ლაპარაკით ევროპას დიდ კედლეს ამოვუშენებთ