საია: მოქალაქეებს საბანკო ანგარიშებს გაუფრთხილებლად უყადაღებენ – როგორ დავიცვათ თავი?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დამკვიდრებულ „მავნე პრაქტიკაზე“ საუბრობს. ორგანიზაციის განცხადებით, მოქალაქეებს საბანკო ანგარიშები ისე უყადაღდებათ, რომ მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დაკისრებული ჯარიმის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
საიას ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარიმო ოქმს აქვეყნებს ვებგვერდზე — Protocols.ge, თუმცა მოქალაქეებს ამის შესახებ წინასწარ არ ატყობინებენ არც SMS-ით და არც სხვა ტექნიკური საშუალებით. შედეგად, ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ იგებს სანქციის შესახებ, რაც მის ქონებას თუ ფინანსებს ყადაღა ედება.
იურისტების განმარტებით, ეს პროცესი არღვევს კანონით დადგენილ წესებსა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს:
· საკუთრების უფლება: ყადაღა ნიშნავს, რომ პირი ვეღარ განკარგავს საკუთარ თანხებს ან ქონებას. ასეთი ჩარევა მხოლოდ კანონის სრული დაცვით უნდა ხდებოდეს.
· სამართლიანი განხილვა: მოქალაქეს არ ეძლევა საშუალება, იცოდეს, რას ედავებიან, რა მტკიცებულებებს ეყრდნობა ჯარიმა და რა ვადაში შეუძლია მისი გასაჩივრება.
· არაპროპორციული ზომა: სახელმწიფოს შეეძლო ჯარიმის ამოღება ნაკლებად მკაცრი გზით, მაგალითად, დროული ინფორმირებით, რის შემდეგაც პირი ჯარიმას ნებაყოფლობით გადაიხდიდა.
იურიდიული რჩევები: როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე?
საია მოქალაქეებს სთავაზობს კონკრეტულ გზამკვლევს საკუთარი უფლებების დასაცავად:
თუ ანგარიში უკვე დაგიყადაღეს და ოქმის შესახებ არაფერი იცოდით:
· გამოითხოვეთ დოკუმენტაცია: მიმართეთ -ს ან საპატრულო პოლიციას საჯარიმო ქვითრისა და საქმის მასალების მისაღებად.
· გადაამოწმეთ აღსრულება: აღსრულების ეროვნული ბიუროდან გამოითხოვეთ ინფორმაცია მიმდინარე საქმის შესახებ.
· შეამოწმეთ შეტყობინება: დააზუსტეთ Protocols.ge-ზე ან მობილურ ოპერატორთან, ნამდვილად გამოგეგზავნათ თუ არა SMS შეტყობინება სააღსრულებო წარმოებამდე.
· მიმართეთ სასამართლოს: ოქმის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეიტანეთ ადმინისტრაციული საჩივარი იმ სასამართლოში, სადაც სამართალდარღვევა მოხდა. მოითხოვეთ ქვითრის გაუქმება და აღსრულების შეჩერება.
· გაითვალისწინეთ: სასამართლოში საჩივრის წარდგენა უფასოა.
· წარადგინეთ გადაწყვეტილება ბიუროში: თუ მოსამართლე აღსრულებას შეაჩერებს, ეს დადგენილება მატერიალური ფორმით მიიტანეთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში ყადაღის მოსახსნელად.
თუ ეჭვობთ, რომ დაჯარიმებული ხართ და ყადაღის თავიდან აცილება გსურთ:
· პერიოდულად მიმართეთ შსს-ს ან საპატრულო პოლიციას და მოითხოვეთ ინფორმაცია თქვენს მიმართ არსებულ ოქმებზე.
· ოქმის არსებობის შემთხვევაში, ჩაიბარეთ იგი და საჭიროებისას 10 დღის ვადაში გაასაჩივრეთ სასამართლოში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა