„საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ადგილას თბილისს ძალიან ლამაზი, საინტერესო სივრცე შეემატება“ – სოსო ფხაკაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად „ვისოლ ჯგუფმა“ საერთაშორისო არქიტექტორები დაიქირავა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა, ვიდრე არხი შენობას შეიცვლის, კიდევ რამდენიმე თვეა საჭირო, მანამდე კი, ჯგუფი საინტერესო კონცეფციაზე მუშაობს.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს კიდევ გარკვეული პერიოდი სჭირდება, სანამ ახალ შენობაში გადავა და ამას რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდება მინიმუმ. ჩვენ უკვე დავიქირავეთ ძალიან ცნობილი არქიტექტორები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობენ და მათთან ერთად თითქმის ყოველდღიურად ვმუშაობთ ძალიან საინტერესო კონცეფციაზე. ყველა ამ დეტალს – მოვა დრო, ჩვენ საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ“ – აცხადებს სოსო ფხაკაძე.
მისივე თქმით, დაგეგმილი პროექტი საკმაოდ მსხვილია და განსახორციელებლი ინვესტიციის მოცულობა ათეულობით მილონ დოლარს აჭარბებს.
„არა ათეულ მლნ დოლარზე, არამედ, უფრო დიდ რიცხვზეა საუბარი, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ ძალიან კარგად – ლამაზი არქიტექტურა, ლამაზი დიზაინი იქნება და ვფიქრობ, რომ თბილისს კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო მულტიფუნქციური კომპლექსი შეემატება“ – აცხადებს სოსო ფხაკაძე „ბიზნესპარტნიორთან“.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა “ვისოლ ჯგუფმა” გასული წლის სექტემბერში შეიძინა. კოსტავას ქ.N68-ში მდებარე შენობა და მიწის ნაკვეთი რიგით მერვე აუქციონზე 65 100 000 ლარად გაიყიდა.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ