საექსპორტო სომხური კონიაკი, რომელიც რუსეთში გადააქვთ საქართველოს საზღვარზეა გაჩერებული – სომხური მედია

სომხური კონიაკით სავსე რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანა საქართველოს საზღვარზეა გაჩერებული, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. სომხეთი ეჭვობს, რომ ქართული მხარე განზრახ ბლოკავს ალკოჰოლური სასმელების რუსეთში ექსპორტს. ამის შესახებ News.am-ი სომხეთის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გაჩერებული კონიაკით სავსე სატვირთო მანქანების გადაადგილების ნებართვის მისაღებად. რამდენიმე ათეული მანქანა ელოდება ნებართვას, დაახლოებით 30-მა კი უკვე გადაკვეთა საზღვარი. News.am-ის ცნობით, სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი გეგმავს პირადად ეწვიოს საქართველოს ამ საკითხის მოსაგვარებლად.
გამოცემა დასძენს, რომ მიწოდების შეფერხების სიტუაცია რამდენიმე თვის წინ წარმოიშვა. საზღვრის გადაკვეთა ხშირად რამდენიმე კვირით ჭიანურდება. Armenpress-ი წერს, რომ 1-დან 10 ივნისის ჩათვლით, სომხური კონიაკით სავსე 50 სატვირთო მანქანამ გადაკვეთა რუსეთის საბაჟო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.