ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სად შეიძლება ჩადონ ინვესტიციები საუდის არაბეთიდან ინვესტორებმა? - ლევან ვეფხვაძის პოზიცია

დღეს თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი გაიხსნა, რომელსაც საქართველოს მთავრობის და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებიან.
ფორუმის დაწყებამდე განცხადება გააკეთა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ, რომელიც ამბობს, რომ თუკი საქართველო-საუდის არაბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება, ეს ინვესტორებისთვის ძალიან კარგი სიგნალი იქნება, ისევე როგორც ტურისტული კომპანიებისთვის.
„ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობის დონე გაცილებით მაღალია და ნიშნავს, რომ საუდელი კომპანიებისთვის საქართველო, როგორც ქვეყანა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება საინვესტიციოდ“, - განაცხადა მან.
კითხვაზე, ენერგეტიკული მიმართულებით შესაძლებელია თუ არა ინვესტიციების მოზიდვა და აქვს თუ არა პოტენციალი განახლებად ენერგიებს, ლევან ვეფხვაძე ასე პასუხობს:
„კერძო სექტორის მხრიდან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პროექტებს ჰქონდეს ის ფორმა და ის სახე, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის არის მისაღები. ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსური ნაკადები კარგად უნდა იყოს გათვლილი და გააზრებული იმისათვის, რომ საერთაშორისო ინვესტორებისთვის ეს მიმზიდველი იყოს. სახელმწიფომ ამ პროექტებთან დაკავშირებით კერძო-საჯარო პარტნიორობიდან გამომდინარე, მასზე დაკისრებული ვალდებულებები უნდა დაანახვოს და მზაობა გამოხატოს, რომ ეს გადაწყვეტილებები დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში იქნება მიღებული. რაც შეეხება ვაჭრობის ნაწილს, ეს მთავრობის ნაწილია და თავისუფალი ვაჭრობა კარგი სიგნალი იქნება ორმხრივი ურთიერთობის განვითარებისთვის.
მე თუ მკითხავთ, დღეს რისი შეთავაზება შეგვიძლია, ეს არის ტრანსპორტი და ლოჯისტიკის სექტორი, ეს არის სექტორი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა და თანამედროვე მიდგომების დანერგვა, რაც შეიძლება დღეს ჩვენ გვაკლია. მეორე არის ენერგეტიკა. ჩვენ, ერთი მხრივ, გვაქვს პატარა პროექტები, მაგრამ რიგშია მსხვილი საინვესტიციო პროექტები, სადაც შეიძლება ადგილობრივი ინვესტორების ჩართულობა ვერ და არ იყოს საკმარისი. აქ ჩვენ ძალიან დიდი ფინანსური რესურსების და ნაკადების მოზიდვა გვჭირდება და საუდის არაბეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო“, - განაცხადა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.