- 2026 წლისთვის კერძო უნივერსიტეტების უმრავლესობამ სწავლა გააძვირა, თუმცა ამბობენ, რომ „ეს ცვლილება რეფორმას არ უკავშირდება“.
- მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტმა შეამცირა საფასური ან იგივე დატოვა.
- სახელმწიფო გრანტების გაუქმება ირიბად მაინც მოქმედებს ბაზარზე და ფასებზე.
- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები აბიტურიენტების არჩევანსა და ხელმისაწვდომობაზე?
„მიზეზი ინფლაციაა“, „წინა წლებშიც გაზრდილა ფასები“, „შიდა მარკეტინგული გადაწყვეტილებაა“, „ეს ცვლილება რეფორმას არ უკავშირდება“ – ასეთია უნივერსიტეტების პასუხები ჩვენს კითხვაზე, რატომ გაძვირდა სწავლა „ქართული ოცნების“ უმაღლესი განათლების რეფორმის შემდეგ და გახდა თუ არა ამის საფუძველი ის, რომ ხელისუფლებამ გააუქმა სახელმწიფო გრანტები სტუდენტებისთვის.
რადიო თავისუფლებამ გაარკვია ძირითადად როგორ შეიცვალა სწავლის საფასური 2026 წლისთვის, რას შეეხო ეს ცვლილება და რა რატომ?
კავკასიის უნივერსიტეტში ფასებმა რამდენიმე მიმართულებაზე 400-1000 ლარით მოიმატა
მაგალითისთვის, სამართლის ფაკულტეტზე წლიური საფასური 7590 ლარიდან 7990 ლარამდე გაიზარდა.
ევროპისმცოდნეობის, სოციოლოგიისა და ინგლისური ფილოლოგიის სწავლის საფასური 400 ლარით გაძვირდა და 4590 ლარის ნაცვლად გახდა 4990 ლარი.
ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლის საფასურმა 1000 ლარით მოიმატა და 4990-დან 5990 ლარამდე გაიზარდა.
სწავლის გაძვირების მიზეზებს უნივერსიტეტი თავად სასწავლო პროგრამების ხარჯებს უკავშირებს და გვპასუხობს:
“ეს გარე ფაქტორებით გამოწვეული არ არის”.
გვითხრეს, რომ უცვლელად დარჩა შიდა დაფინანსების სისტემაც, რაც მომავალ სტუდენტებს უნდა დაეხმაროს, რომ შეძლონ კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება.
გარკვეულ ფაკულტეტებზე, (მაგალითად, ბიზნესის) მაღალი მოთხოვნის გამო, გაზრდილია მისაღები ადგილების რაოდენობაც.
კავკასიის უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ ფასი მხოლოდ წელს არ გაზრდილა. დროდადრო, მოთხოვნის და ჩარიცხვების გათვალისწინებით, უნივერსიტეტი იღებს ხოლმე სწავლის გაძვირების გადაწყვეტილებას.
კავკასიის უნივერსიტეტი სტუდენტებს 40-ზე მეტ პროგრამაზე იღებს.
შავი ზღვის უნივერსიტეტმა, რომელსაც 27 საბაკალავრო პროგრამა აქვს, წელს ფასი გაზარდა მხოლოდ ერთ, ამერიკისმცოდნეობის მიმართულებაზე
აქ წლიური საფასური გასულ წელთან შედარებით 600 ლარით გაიზარდა და სწავლის გადასახადი 2 590 ლარის ნაცვლად 3 190 ლარი იქნება.
როგორც უნივერსიტეტში გვითხრეს, “ეს იყო მარკეტინგული გადაწყვეტილება” და უმაღლესი განათლების სფეროში ცვლილებებს არ უკავშირდება.
ამ ეტაპზე სხვა ფაკულტეტებზე ფასების გაზრდას არ აპირებენ. იგივე დარჩა კვოტებიც.
უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ აბიტურიენტების და მომავალი სტუდენტების თავისი სეგმენტი ჰყავთ და მოელიან, რომ ისინი, ვინც შავი ზღვის უნივერსიტეტში აპირებდნენ ჩაბარებას, გადაწყვეტილებას არ შეცვლიან.
თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში წელს არცერთ ფაკულტეტსა და მიმართულებაზე არ იზრდება სწავლის საფასური
უცვლელი რჩება ე.წ. შიდა გრანტების სისტემაც. თანადაფინანსებას აბიტურიენტი მიღებული ქულების და წარჩინების მიხედვით იღებს.
საქართველოს უნივერსიტეტმა პროგრამების უმეტესობაზე ფასები 250-500 ლარით აწია
მაგალითად, თუ ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებაზე სწავლა ღირდა 2950 ლარი, ახლა საფასური იქნება 3200 ლარი.
ჟურნალისტიკაზე სწავლა 500 ლარით გაძვირდა და ახლა ეღირება 5000 ლარი.
800 ლარით მეტი იქნება არქიტექტურის მიმართულების სწავლის წლიური საფასური – 4 200 ლარის ნაცვლად 5 000 ლარი.
წინა წელთან შედარებით 1500 ლარით გაძვირდა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლა – გადასახადი იქნება 5 000 ლარი.
ზოგ ფაკულტეტზე (მაგალითად, ბიზნესის ადმინისტრირების) სწავლის საფასური იგივე დარჩა. ზოგზე კი, უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, მიღება საერთოდ არ გამოცხადდა (ინგლისური ფილოლოგია, კომპიუტერული მეცნიერებები).
“თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალ წელსაც ასე იქნება”, – გვიპასუხეს საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც ხაზგასმით ამბობენ, რომ სწავლის გაძვირება არ უკავშირდება უმაღლესი განათლების რეფორმას და მისით გამოწვეულ ცვლილებებს.
საქართველოს უნივერსიტეტში დაფინანსების ახალი პაკეტი მოიფიქრეს იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც მათთან სურთ ჩაბარება, მაგრამ სახელმწიფოსგან ვეღარ მიიღებენ დამატებით გრანტს.
“სტუდენტებს ჩვენთანაც შეეძლებათ უფასოდ სწავლა ან ნაწილობრივ შიდა დაფინანსების მიღება. ცხადია, ეს დამოკიდებული იქნება ქულებზე. დევნილებზეც გვაქვს 50%-იანი შეღავათი. ასევე წელს დავამატეთ ე.წ. გადავადების შეთავაზება. სტუდენტებს შეუძლიათ სამი წელი ისწავლონ უფასოდ და საფასური დასაქმების შემდეგ გადაიხადონ”.
საქართველოს უნივერსიტეტში წელს მიღება 20 პროგრამაზე გამოაცხადეს.




