საგარეჯოსა და მანავში არასრულწლოვნების მიმართ ონლაინ ძალადობის, შანტაჟისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ბავშვის მშობელი „კახეთის ხმასთან“ აცხადებს, უცნობი პირი Instagram-ის ანგარიშის საშუალებით ბავშვების პროფილებიდან ფოტოებს იღებდა, მათ ფოტომონტაჟს უკეთებდა და შეურაცხმყოფელი შინაარსის მასალებს ავრცელებდა.
მშობლის ინფორმაციით, შემთხვევები 29 ივლისს, ღამის საათებში დაიწყო და სავარაუდოდ, დაახლოებით 50 არასრულწლოვანს შეეხო. მისივე თქმით, ბავშვების მიმართ ხორციელდებოდა მუქარა და შანტაჟი, მათ შორის, ერთ-ერთი მუქარა სამ გოგონას სიცოცხლის მოსპობას ეხებოდა.
მშობელი ამბობს, რომ მომხდარმა რამდენიმე არასრულწლოვანზე მძიმე ფსიქოლოგიური გავლენა იქონია და ორი ბავშვი საავადმყოფოშიც გადაიყვანეს.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევების შესახებ სამართალდამცავ უწყებებს უკვე აცნობეს და შეტანილია დაახლოებით 50 საჩივარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდო პირის იდენტიფიცირება.
„ყველა ერთად ვდგავართ ამის აღმოსაფხვრელად“, – აცხადებს დაზარალებული ბავშვის მშობელი.
„კახეთის ხმა“ დამატებით დეტალებს შესაბამისი უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაავრცელებს.